გერმანიის ქალაქ ბილეფელდში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 40 წლის მამაკაცი ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა და Lacoste-ის ბრენდის ქურთუკი მოისინჯა. მაღაზიის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ის სარკეში საკუთარ თავს ჩვეულებრივზე დიდხანს ათვალიერებდა, შემდეგ კი მაღაზია ქურთუკის საფასურის გადახდის გარეშე დატოვა.
მაღაზიის დაცვამ დამნაშავე ადგილზე დააკავა და პოლიციას შეატყობინა. დაკავებულმა მამაკაცმა დანაშაული აღიარა. როგორც აღმოჩნდა, მას გერმანიის პოლიცია უკვე ეძებდა.
ბილეფელდის სასამართლომ, მიმალვის საფრთხის გამო, ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.