ოკუპანტის მთავარი სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობაა. რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებს რაკეტებით და დრონებით ბომბავს. ხარკოვის ცენტრალური ნაწილი ნანგრევებად იქცა. რუსეთის ძალებმა ქალაქზე საზენიტო სარაკეტო დანადგარით შეტევა დღეს დილით განახორციელეს. განადგურებულია 40-ზე მეტი კორპუსი და საცხოვრებელი სახლი. დაშავებულია 23 ადამიანი, მათი უმეტესობა საავადმყოფოშია გადაყვანილი. იერიშის შემდეგ, ქალაქის რამდენიმე რაიონში, ხანძრის ქრობისა და სამაშველო ოპერაციები განხორციელდა. დაზარალებული უბნებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ხარკოვთან ერთად, აგრესიის სამიზნე გახდა ზაპოროჟიეს ოლქიც. რუსულმა ძალებმა ამ რეგიონში სასაზღვრო ზონის მიმდებარე რაიონებზე 15 ავიაიერიში განახორციელეს, რამაც ხანძარი და ნგრევა გამოიწვია. თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 11 წლის ბავშვი.
ცხელი წერტილია ოდესაც. ქალაქზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 10 ადამიანი დაიჭრა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებიც, მათ შორის სკოლა, სპორტული კომპლექსი, სავაჭრო ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.
გასულ ღამეს, რუსეთმა უკრაინის 13 რეგიონი დაბომბა. საჰაერო თავდაცვის სისტემამ 145 დრონის იდენტიფიცირება შეძლო, მათგან 71-ის ჩამოგდება მოხერხდა. რეგიონებზე იერიშებს, სოციალურ ქსელში, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ტერორიზმის აქტი უწოდა.