25 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
ბრახუნი მუშტებით, ფეხებით, ქვებით, დროშის ტარებით და ჩაფხუტებით - აქცია პარლამენტში მიმდინარე სხდომის პარალელურად

ბრახუნი მუშტებით, ფეხებით, ქვებით, დროშის ტარებით და ჩაფხუტებით - პროტესტის ამ ფორმას აქციის მონაწილეებმა პარლამენტში მიმდინარე სხდომის პარალელურად მიმართეს. საკანონმდებლო ორგანოს გარეთ შეკრებილი დემონსტრანტები ხმაურის გამოწვევას თითქმის ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

ისროდნენ კვერცხებს, საღებავებს და წყლით სავსე ბოთლებს. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტის ეზოში მყოფ თანამშრომლებს, სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა.

საპროტესტო შეძახილების დასრულების შემდეგ, ლიდერებიდან სცენა მხოლოდ გიორგი ვაშაძემ დაიკავა, რომელმაც აქციის მონაწილეებს 2 საათის დაგვიანებით და თითქმის უკვე ცარიელ რუსთაველზე მიმართა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, სამოქმედო გეგმის ნაცვლად, ამჯერადაც, ერთგულების ფიცი დადო და მხოლოდ დაპირებებზე ისაუბრა.

მხარდამჭერები ღია ცის ქვეშ და კონკრეტული გეგმის გარეშე მიატოვეს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც, რომლებიც დილიდან უწყვეტ პროტესტსა და წინააღმდეგობაზე საუბრობდნენ, თუმცა მოგვიანებით რუსთაველის 8 ნომერთან აღარ გამოჩენილან.

ოპოზიციასა და აქციის მონაწილეებს, სოციალური ქსელით, მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მოქმედი პრეზიდენტისგან განსხვავებით, ოპოზიციის მიმართ უკმაყოფილება და ბრაზი ვერ დამალა ყოფილმა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, სასამართლო პროცესიდან გამოეხმაურა.

ოპოზიციის საპროტესტო აქციამ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის გარეშე ჩაიარა. ნიკა გვარამია საზღვარგარეთ სწორედ მაშინ გაფრინდა, როცა რუსთაველის გამზირზე ოპოზიციონერების მხარდამჭერები კარავს შლიდნენ და ღამის გასათენებლად ემზადებოდნენ.

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები, რუსთაველის გამზირზე, მსვლელობით, საღამოს 10:00 საათისთვის მივიდნენ, გაშალეს კარვებიც და დაიკავეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ღამის განმავლობაში, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. აქტიურობდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილებასა და ტერიტორიაზე საპროტესტო ინვენტარის შემოტანას ითხოვდნენ.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს 44 წლის მამაკაცი, რომელმაც სამართალდამცველს ხელი დაარტყა.

ოპოზიციის აქციას გამოეხმაურა მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბარიერგადალახულმა პარტიებმა საპროტესტო რესურსი უკვე ამოწურეს და მათ ხალხის მხარდაჭერაც აღარ აქვთ.

ოპოზიციამ პროტესტი, უკვე მეორედ შეწყვიტა. პოლიტიკოსებმა და აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი დღის მეორე ნახევარში დატოვეს. მალევე მოხდა სცენის დემონტაჟიც. რუსთაველის გამზირი მერიის შესაბამისმა სამსახურმა დაასუფთავა, საპატრულო პოლიციამ კი გზა გახსნა. ამ დროისთვის, დედაქალაქის მთავარ გამზირსა და თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მიმოსვლა სრულად აღდგენილია. 

 

 

 

დღის ამბები