ეგვიპტის ხელისუფლების ინფორმაციით, წითელ ზღვაში ტურისტული გემი Sea Story ჩაიძირა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაკარგულებს შორის არიან უცხოელებიც. გემზე მყოფი 28 ადამიანი უკვე გადაარჩინეს.
გემი მარსა ალამის პორტიდან შაბათს, ხუთდღიან დაივინგ-ტურზე გავიდა. დღეს, ადგილობრივი დროით, დილის 05:30 საათზე, გემიდან გადაუდებელი დახმარების სიგნალი გაიგზავნა.
გადარჩენილები ვადი ელ-ჯემალის რეგიონში იპოვეს და მათ საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ. დაკარგულების საძიებლად ეგვიპტის სამხედრო-საზღვაო ძალები და ავიაცია აქტიურად მუშაობს.
სულ გემზე 45 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 14 ეკიპაჟის წევრი იყო, ხოლო 31 - ტურისტი. გემზე მყოფი ეკიპაჟის ყველა წევრი ეგვიპტელი იყო, ხოლო მგზავრებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, გერმანიის, აშშ-ის, სლოვაკეთის, შვეიცარიის, ბელგიის, პოლონეთის, ნორვეგიის, ირლანდიის, ფინეთისა და ჩინეთის მოქალაქეები.
გემის ჩაძირვის მიზეზი, ამ ეტაპზე, არ სახელდება.
წყარო: BBC