
თურქეთის ქალაქები, უკვე რამდენიმე დღეა, მასობრივმა გამოსვლებმა და არეულობამ მოიცვა.
ათი ათასობით დემონსტრანტი ისევ ქუჩაშია. ისინი მოქმედ პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ და მოითხოვენ სტამბოლის ოპოზიციონერი მერის გათავისუფლებას. ეკრემ იმამოღლუ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება. ის კორუფციისა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობის ბრალდებით საკუთარ სახლში დააკავეს.
ოპოზიციას სჯერა, რომ ექრემ იმამოღლუ პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნეა. თურქეთის ქალაქები მასობრივმა გამოსვლებმა სწორედ მისი დაკავების შემდეგ მოიცვა - სტამბოლში დემონსტრანტები ყოველ საღამოს მერიის შენობასთან იკრიბებიან.
ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დგანან თურქი სამართალდამცველები, მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ავტომობილები. დემონსტრანტები "კურიერი P.S-ს" უყვებიან, რომ გაჩერებას არ აპირებენ და პროტესტი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე გაგრძელდება.
ხელისუფლება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, ყოველდღიურად წყლის ჭავლის მანქანებს, რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ აირს იყენებს.
დემონსტრანტები სპეცრაზმს ფოიერვერკებსა და ქვებს ესვრიან. ეს 2013 წლის შემდეგ ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაციებია. მაშინ "გეზის პარკის" საპროტესტო მოძრაობა რამდენიმე კვირის განმავლობაში მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულია 1800-მდე დემონსტრანტი, მათ შორის 10-ზე მეტი ჟურნალისტი. დააკავეს შვედი და ქვეყნიდან გააძევეს "ბიბისის" კორესპონდენტიც. იმამოღლუს დაპატიმრების გაშუქებასთან დაკავშირებით ოთხი ოპოზიციური მედია დააჯარიმეს. ქვეყანაში რამდენიმე დღის განმავლობაში გათიშული იყო ინტერნეტიც.
თურქეთში მალტეპეს მოედანზე გუშინ მასშტაბური აქცია გაიმართა. გამოვიდა ასობით ათასი ადამიანი. მედიაში გავრცელდა ინფორმაციაც, რომ საპროტესტო აქციაზე 2 მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა.
იმამოღლუ 23 მარტის პრაიმერიზის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს. ამ კენჭისყრისას თურქი პოლიტიკოსი ოფიციალურად უნდა გამხდარიყო ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" (CHP) კანდიდატი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
სახალხო რესპუბლიკური პარტია, რომელიც დაკავშირებულია თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელ მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელთან, სულ უფრო ძლიერდება. 2024 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციამ სახელისუფლებო პარტიაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციას პროვოკაციაში ადანაშაულებს და პირობას დებს, რომ ქვეყანას პასუხი ექნება ყველას მიმართ, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. დემონსტრანტებს კი პრეზიდენტს პროვოკაციაში ადანაშაულებენ.
გასული საუკუნის მიწურულს, სტამბოლის პოპულარულ მერს თანამდებობა ჩამოართვეს და დააპატიმრეს ბრალდებით, რომელსაც მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ. ის პოლიტიკას მალევე დაუბრუნდა და თანამედროვე თურქეთის ისტორიაში, ყველაზე ხანგრძლივად დგას ქვეყნის სათავეში.
თურქეთში ახლა მწვავე პოლიტიკური კრიზისია, რომელიც ერდოღანის 20-წლიანი მმართველობის პერიოდში, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდეს.