02 აპრილი 2025,   09:10
ვრცლად
გახარია, ზურაბიშვილი და "ძლიერი საქართველო" - ლევან ხაბეიშვილის მუქარის ადრესატი კოლეგა ოპოზიციონერები არიან

გახარია, ზურაბიშვილი და "ძლიერი საქართველო" - ლევან ხაბეიშვილის მუქარის ადრესატი კოლეგა ოპოზიციონერები არიან. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ წინააღმდეგობის ჯგუფს შექმნის, რომელიც საკადრის პასუხს გასცემს ყველას, ვინც მისი პარტიის იდეებს არ გაიზიარებს. ერთიანობა თუ კოორდინაცია - ხაბეიშვილი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს ყველას, ვინც პოზიცია არ გამოხატა "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმების ინიციატივაზე.

ექსპრეზიდენტის პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, დღეს მეტი თანმიმდევრულობისკენ მოუწოდეს, ექსპრემიერის პარტიიდან. გახარიას გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" გზავნილებს არასერიოზულად აღიქვამს და ამბობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური გაერთიანება, მათთვის ისევ წითელი ხაზია.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" გახარიას გუნდთან საერთო ენა, ვერც ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე გამონახა. "კურიერის" ინფორმაციით, საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე, ცხარე კამათის მიზეზი, ოპოზიციის წევრებს შორის თვითმმართველობის არჩევნები გახდა. სანდო წყაროს ინფორმაციით, დახურულ შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია "ცვლილებისთვის" საერთო დოკუმენტის შედგენას და მის საპროტესტო აქციაზე წარდგენას ითხოვდნენ. დოკუმენტში უნდა ჩაწერილიყო, რომ ოპოზიციური პარტიები მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ერთხმად ამბობენ, თუმცა ამ იდეას წინააღმდეგობა გიორგი გახარიას გუნდმა და "ლელომ" გაუწია. "ნაციონალურ მოძრაობაში" დღესაც ადასტურებენ, რომ დახურულ შეხვედრაზე, კონტრარგუმენტები არ მოუსმენიათ.

ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბარს თავს არიდებს "ლელო". "ძლიერი საქართველო" დღეს არც "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს გამოხმაურებია. პარტიის ლიდერებმა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის გზავნილები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეეხება.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი უცხოური დირექტივების დაგვიანება გახდა. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ ბარიერგადალახულ პარტიებში კრიზისია, რადგან მათი მხარდაჭერა რადიკალურად შემცირებულია.

სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან შეხვედრებს უკვე 5 თვეა მართავს, თუმცა მიმდინარე კონსულტაციების ფარგლებში შეთანხმება ვერცერთ ძირითად საკითხზე ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

დღის ამბები