02 აპრილი 2025,   09:35
ვრცლად
ნათია თურნავას ვიზიტი ჩინეთში და ახალი ფურცელი ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ისტორიაში

ახალი ფურცელი ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ისტორიაში - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა. ნათია თურნავას თქმით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან საფინანსო-საბანკო სექტორში პარტნიორობა, ქვეყნის მონეტარული სიძლიერისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა დღეს ჩინეთის სამრეწველო-კომერციული და სამშენებლო ბანკების ვიცე-პრეზიდენტებთან გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა. სავარაუდოდ, ჩინური ბანკები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით 65-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებენ მალე ქართულ საფინანსო ბაზარზეც გამოჩნდებიან.

ქართულ საფინანსო სექტორში ჩინური კაპიტალის გამოჩენას ეკონომიკური მდგრადობისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში, ჩინეთის მხრიდან პარტნიორობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა დაკავშირებადობის კუთხით ჩინური კაპიტალისთვის მიმზიდველია, რაც სამომავლოდ პირდაპირ მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.

იმ ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები და ევროპა ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს ყოველდღიურად აფართოებს, ქართული ოპოზიციისთვის, ჩინურ საბანკო სექტორთან თანამშრომლობა მაინც ხელისუფლების კრიტიკის წინაპირობაა. ოპოზიცია, რომელიც ანაკლიაში პოტენციურ უმსხვილეს ჩინურ ინვესტიციას თავად ეწინააღმდეგება, დღეს ჩინეთს არასაკმარისი კაპიტალის შემოტანის გამო აკრიტიკებდა.

საქართველოს ბაზრით დაინტერესებული ჩინური ბანკების საერთო ფინანსური კაპიტალი 10 ტრილიონ დოლარს აღემატება. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე უმსხვილეს ჩინურ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, საქართველოს ინტერესებში შედის. მმართველი გუნდის ლიდერებს არც ოპონენტების პოზიცია უკვირთ. ამბობენ, რომ ქართულ-ჩინური პარტნიორობა დაკავშირებადობისა და საბანკო სფეროს კუთხით, თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივლისში გაფორმდა. მალევე მოიხსნა სავიზო რეჟიმი და დაიწყო პირდაპირი ავიამიმოსვლა. უახლოეს მომავალში, ამ ჩამონათვალს, ქართულ და ჩინურ საბანკო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობაც დაემატება.

დღის ამბები