
მმართველი გუნდი, პარლამენტის შენობის მისამართით პიროტექნიკის სროლის წახალისებაზე პასუხისმგებლობას კონკრეტული ქვეყნების საელჩოებს აკისრებს. საუბარია ჩეხეთზე, გერმანიაზე, ნორვეგიაზე, ბრიტანეთსა და ნიდერლანდებზე, რომელთა წარმომადგენლებიც საპროტესტო აქციამდე რამდენიმე დღით ადრე სოლიდარობის მიზნით ადამიანის უფლებათა სახლს სტუმრობდნენ. იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებას, რომლის ანგარიშიც პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სწორედ დემონსტრანტებისთვის პიროტექნიკის შეძენასა და სხვა ფინანსური დახმარებების გამოა დაყადაღებული.
პარლამენტის შენობის მისამართით პიროტექნიკის სროლას და არასამთავრობო გაერთიანებასთან ელჩების შეხვედრას, დღეს შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. ის დიპლომატებისგან რეაგირებას ელოდება
რა პოზიცია აქვთ საელჩოებს - დიპლომატიურ მისიებს ამ კითხვით "კურიერმაც" მიმართა, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
აქციებისა და დემონსტრაციების დროს პიროტექნიკის გამოყენება კი კანონით უკვე აკრძალულია. ამის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის მისამართით ფოიერვერკის სროლა, გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში ჯდება.
უმრავლესობა დიპლომატების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ელჩები ძალადობას არა მხოლოდ დუმილით, არამედ კონკრეტული ჯგუფების მიმართ ღია მხარდაჭერის გამოხატვით ახალისებენ.
გერმანიის ელჩი ერთ-ერთი იყო, რომელმაც შეხვედრის შემდეგ დაწერა, რომ ადამიანის უფლებათა სახლში არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების გაყინვისა და მიმდინარე გამოძიების შესახებ იმსჯელეს. დიპლომატებთან აუდიენციის შინაარსზე, თავად მესამე სექტორის წარმომადგენლებს განმარტება არ გაუკეთებიათ.