
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტს.
საკითხი სხდომაზე მომხსენებელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გრეტა წიწავამ წარადგინა. პროექტის თანახმად, მკაცრდება სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნებთან დაკავშირებული რეგულაციები. კერძოდ, სასიგნალო იარაღით ვაჭრობა და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება) იქნება ლიცენზირებული საქმიანობა.
ასევე ნებართვას დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები: ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა და ტარების უფლებით); უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა; საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) და სხვა.
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმებში, რომლებითაც რეგულირდება იარაღის ლიცენზიასა და ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები.
საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის კიდევ 5 კანონში.