
პარლამენტის ნდობის ჯგუფმა, XI მოწვევის პარლამენტში, პირველი სხდომა გამართა. ნდობის ჯგუფის წევრებმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ირაკლი ბერაიას და მის მოადგილეებს მოუსმინეს.
დაზვერვის სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე 2024 წლის ანგარიში წარადგინა და იმ საკითხებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებობდა.
„უნდა აღინიშნოს, რომ დაზვერვის სამსახურს, ანალიტიკური და ოპერატიული ინფორმაციის ანალიზის კუთხით, სერიოზული სამუშაო აქვს ჩატარებული. მათი ტექნიკური-მატერიალური ბაზა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ადამიანური რესურსების მიმართულებითაც კვალიფიციური ნაბიჯები გადაიდგა. შეხვედრაზე სამსახურის ხელმძღვანელმა როგორც რეგიონში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ოპერატიული ინფორმაცია გაგვაცნო და უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე გვესაუბრა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით არსებობს. საბოლოო ჯამში, ნდობის ჯგუფის წევრებმა სამსახურის საქმიანობა დადებითად შევაფასეთ“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.
ნდობის ჯგუფის შეხვედრას ჯგუფის წევრები - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე დაესწრნენ.