
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ქართულ-ჩინურ მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს მიზანმიმართულად, საკუთარი ლობისტების დაკვეთით ებრძვის. საუბარია, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელმაც საქართველოში მონეტარული და საფინანსო სტაბილურობის კუთხით ახალი სიტყვა უნდა თქვას. "ქართულ ოცნებაში" ტრილიონობით დოლარის კაპიტალის მქონე ჩინურ ბანკებთან თანამშრომლობას ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის წინაპირობად მიიჩნევენ. დივერსიფიცირებული ბაზრები და მრავალფეროვანი სავაჭრო პარტნიორები, სახელისუფლებო პარტიისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისთვის აუცილებელი საჭიროებაა.
იმ ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები და ევროკავშირი ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს, ხელისუფლების ოპონენტებისთვის, ჩინური ბაზრის ათვისება, დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ მოქმედებად არის აღქმული. ოპოზიცია, რომელიც ანაკლიაში სწორედ სახალხო რესპუბლიკიდან შემოსულ კაპიტალს ღიად ეწინააღმდეგება, დღეს ოფიციალურ პეკინს საქართველოში შემოტანილი ინვესტიციების სიმცირის გამო აკრიტიკებდა.
ქართულ და ჩინურ საბანკო სექტორს შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს ეროვნულ ბანკში. მთავარ საფინანსო ინსტიტუტში განმარტავენ, რომ 10 ტრილიონ დოლარზე მეტი კაპიტალის მქონე უმსხვილესი ბანკების ქართულ ბაზართან თანამშრომლობა, ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად, ქვეყნის გეოპოლიტიკური გამოწვევებისთვის, დამზღვევი მექანიზმის როლსაც შეასრულებს.
ჩინეთი, როგორც სანდო სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს პატივს ცემს და ნაკისრ ვალდებულებებსაც ასრულებს - მმართველი გუნდის ლიდერების აზრით, ოპოზიციის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს. უმრავლესობის ლიდერის აზრით, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური დამოუკიდებლობა, საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გადარჩენის შანსს აძლევს. რაც გარკვეული ძალების სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივლისში გაფორმდა. ოფიციალურმა პეკინმა მალევე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. დაინიშნა პირდაპირ ფრენები და გამარტივდა სავაჭრო ურთიერთობები. უახლოეს მომავალში კი სავარაუდოდ ქართულ საფინანსო ბაზარზე უმსხვილეს ჩინურ ბანკებსაც ვიხილავთ.