
გიორგი სამარგულიანი უკვე წარმატებული სტარტაპერია, მისი კომპანია სხვადასხვა ბიზნესს ციფრული სამუშაო სივრცის შექმნაში ეხმარება.
მთავრობის მიერ შემუშავებული 10-წლიანი გეგმა, რომელიც სტარტაპებსა და მცირე და საშუალო მეწარმეებს საგადასახადო შეღავათებს უწესებს, მისთვის დამატებითი სტიმულია სტარტაპის ზრდისა და განვითარებისთვის.
ინოვაციების ეკოსისტემისთვის ახალი ბიძგი და განვითარების ახალი ეტაპი - ასე აფასებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე საგადასახადო რეფორმას, რომელიც სტარტაპერებისთვის მნიშვნელოვან შეღავათებს მოიცავს. ინიციატივის ფარგლებში, პირველი სამი წლის განმავლობაში სტარტაპებისთვის საშემოსავლო გადასახადი 0% იქნება, შემდეგ ეტაპზე კი - 5% და 10%-იანი განაკვეთით განისაზღვრება.
ინოვაციების კანონში ინიციირებული ცვლილებები ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკებს. მთავარი მიზანი კი ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაა. ცვლილების პაკეტით კი წახალისდება კვლევაზე და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები.
საქართველოს ინოვაციურ ჰაბად გარდაქმნა- მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სახელდება. პრემიერ მინისტრის თქმით, ინოვაციები ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საგადასახადო შეღავათები კი ხელს შეუწყობს ახალი სტარტაპების დაფუძნებას, საერთაშორისო კომპანიების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
მთავრობამ საშეღავათო პაკეტი უკვე დაამტკიცა. ინოვაციის კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში იმსჯელებენ.
ავტორი: სიმონ შანავა