
პარლამენტმა "წიაღის შესახებ" კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდება.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე განსახილველად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ წარადგინა.
მისი განმარტებით, სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში 2018 წელს გადაეცა, რამაც პრაქტიკაში გარკვეული საკითხების დუბლირება გამოიწვია ინსპექტირების კუთხით.
ასევე, შეიქმნა დამატებითი ბიუროკრატია ორ სამინისტროს შორის ფუნქციონირებისას სალიცენზიო პირობების მომზადებისა და საფონდო მასალებზე მუშაობის ნაწილში. მისივე თქმით, მიზანშეწონილია, რომ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო მმართველობაში ისევ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუბრუნდეს.
პარლამენტმა წარდგენილ კანონპროექტს 86 ხმით მხარი დაუჭირა.