02 აპრილი 2025,   09:09
ვრცლად
"ღალატი, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები და მიტოვებული მოსახლეობა" - 17 წლიანი დუმილი, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გორის რაიონის სოფელი თიღვას გამგებელმა დაარღვია

ღალატი, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები და მიტოვებული მოსახლეობა - 17 წლიანი დუმილი, დღეს, გორის რაიონის სოფელი თიღვას გამგებელმა დაარღვია. გიორგი კაპანაძემ, რომელიც ომის დღეებში ადგილობრივებს საკუთარი რესურსით ეხმარებოდა, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მის სოფელსა და რაიონში განვითარებული მოვლენების დეტალები გაიხსენა. ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ ომის ეპიცენტრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის ნება არ არსებობდა და რომ ადგილობრივებმა საკუთარ თავსა და ახლობლებს თავად უშველეს.

რატომ არ მიიღო ყოფილმა ხელისუფლებამ საჭირო ზომები საკუთარი მოსახლეობის დასაცავად და რატომ არ არსებობდა მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა? - გიორგი კაპანაძემ გაიხსენა, რომ ომის პერიოდში მთავრობის მაშინდელი წევრებისგან, არც ინსტრუქცია და არც მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ცნობა არ მიუღიათ. ამის გამო, ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებს თვითნებურად ტოვებდნენ.

საგამოძიებო კომისიას შეკითხვები კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებითაც ჰქონდა. სხდომაზე კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული გამოჰკითხეს. კვიციანმა ქრონოლოგიურად მოყვა ხეობაში 2006 წლიდან მიმდინარე პროცესები.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2003-2012 წლებში ციხეებში არსებული მდგომარეობითაც დაინტერესდნენ. კომისიის წევრებს დღეს ჩვენება მსჯავრდებულმა ანზორ პარკაძემ მისცა. პატიმარმა ციხის კედლებში არსებულ მძიმე ფაქტებსა და დანაშაულებზე ისაუბრა.

საპატიმროებში არსებული მდგომარეობის გარდა, საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე საკუთრების უფლების დარღვევის ერთ-ერთი ფაქტიც განიხილეს. უფრო კონკრეტულად, დღეს კომისიას ჩვენება წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ბიზნესმენის კახა გურგენიძის მეუღლემ მისცა. მარიამ რატიანი იხსენებს, რომ 2009 წელს მის მეუღლეს ბიზნესი, უფრო კონკრეტულად კი, მაღაზიათა ქსელი "იბისი" "თი ბი სი" ბანკის უშუალო მონაწილეობით, ჯერ იძულებით დაათმობინეს, შემდეგ კი ბიზნესმენი ციხეში გაუშვეს.

საგამოძიებო კომისიის რიგით მე-8 სხდომა დღეს 6 საათს გაგრძელდა. სხდომა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ სხვა საქმეების განხილვით განახლდება.

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი

დღის ამბები