02 აპრილი 2025,   11:16
ვრცლად
პარიზის სასამართლომ მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნო - თავად ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს განაჩენზე საჯარო კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია

მარინ ლე პენმა სასამართლოს დარბაზი განაჩენის გამოცხადებამდე დატოვა. საფრანგეთის მართლმსაჯულებამ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, აქედან ორი წელი პირობითია, ორი წელი კი ელექტრონული მეთვალყურეობის სამაჯური უნდა ატაროს. ოპოზიციის ლიდერს 100 000 ევროს ჯარიმის გადახდაც მოუწევს. მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურასაც ვერ წარადგენს. ფრანგული სამართლის შესაბამისად, განაჩენი სააპელაციო პროცესის დასრულებამდე სისრულეში არ მოდის, თუმცა მოსამართლემ გამონაკლისი დაუშვა და ლე პენს 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობა აპელაციის გარეშე აუკრძალა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ, ლე პენმა უკანონოდ მიითვისა და არამიზნობრივად გამოიყენა ევროკავშირის ფონდები. დანაშაულებრივ სქემაში მასთან ერთად ფრანგი დეპუტატები, კანონმდებლები, ევროპარლამენტარები მონაწილეობდნენ. ისინი 2004-16 წლებში ევროპარლამენტში თანაშემწეებს ასაქმებდნენ, რომლებსაც ევროკავშირი ხელფასს უხდიდა. თანხა კი ლე პენის "ეროვნულ ერთობას" ხმარდებოდა.

თავად ლე პენს განაჩენზე საჯარო კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა, მის მაგივრად "იქსის" ოფიციალურ გვერდზე პოზიცია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა და ლე პენის სავარაუდო პოლიტიკურმა მემკვიდრემ ჟორდან ბარდელამ გამოხატა.

მედიის ინფორმაციით, სასამართლო დარბაზში ლე პენმა საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ისაუბრა, თქვა, რომ მოვლენების განვითარების მოცემული სცენარი მისი პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები