
ხელისუფლება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ქმნის, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - ახალი დეპარტამენტი არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთელი მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობის ფუნქციას შეითავსებს. ინიციატივა დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა.
გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ახალი მექანიზმის შექმნა სწორედ ამ ორი ძირითადი პრინციპის გაძლიერებას ემსახურება. ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის კონტროლს უზრუნველყოფს.
მთავრობის ახალი ინიციატივის ფარგლებში კომუნიკაცია უკვე შედგა აუდიტის სამსახურთან და განვლილი წლების აუდიტის პარალელურად უკვე შესაძლებელი გახდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს სხვადასხვა უწყების მიმდინარე პროექტებიც.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი, უახლოეს დღეებში დაინიცირდება.