
ხმაური, სტვენა და შეძახილები - ყოფილი პრეზიდენტის გამოსვლა, საპროტესტო აქციაზე ახალი პროტესტის მიზეზი გახდა. სალომე ზურაბიშვილს ნახევარსაათიანი სიტყვა მისმა მხარდამჭერებმა შეაწყვეტინეს. დაუწუნეს ძველი შინაარსით, ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივა და დივერსიაშიც დაადანაშაულეს. 5 თვის შემდეგ პირველად, მეხუთე პრეზიდენტს ჯერ სცენის დატოვება, მისივე მხარდამჭერების ბოიკოტის ფონზე მოუწია, შემდეგ კი იძულებული გახდა, მწვავე კრიტიკა სოციალური ქსელითაც მიეღო. საპრეზიდენტო რაფაელო, ტროას ცხენი და ქართული პოლიტიკის ფურუნკული - ამ შინაარსის ასობით გზავნილი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს.
კრიტიკას დუმილით შეხვდა ყოფილი პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციის შემდეგ, ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან დღეს პირველი შეხვედრა გამართა, თუმცა არცერთი სიტყვა არ უთქვამს, იმ მწვავე რეაქციაზე, რომელიც გუშინ სცენაზეც კარგად ესმოდა.
ზურაბიშვილის sms-ს შეტყობინება ყველამ მიიღო, თუმცა ჭოველიძის 4-ში, 13:00 საათზე მხოლოდ 6 ოპოზიციონერი მივიდა. ყოფილი პრეზიდენტის მოლაპარაკების მაგიდასთან დღეს პირველად არ იჯდა "ნაციონალური მოძრაობა," რომელიც ბოლო პერიოდში ზურაბიშვილის მთავარ მოწინააღმდეგედ იქცა. იყო ელენე ხოშტარია, თუმცა არ მივიდნენ მისი კოალიციის სხვა პარტიების ლიდერები - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია, რომელმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ზურაბიშვილის მორიგი ინიციატივა გაუმართლებელია.
თამარ ჩერგოლეიშვილს, "ნაციონალურ მოძრაობასა" და აქციაზე გამოფენილ სააკაშვილის ბანერებზე მწვავე რეაქცია არც სოციალურ ქსელში დაუმალავს. მე-5-ს ფონზე, მე-3-ის პლაკატების გამოჩენამ აქციის მონაწილეების ნაწილი გააღიზიანა. ექსპრეზიდენტის ბანერები დაპირისპირების მიზეზი გახდა ინტერნეტ სივრცეშიც
მწვავე რეაქციის მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობას," სააკაშვილის ბანერების დემონტაჟზე არც უფიქრია. მეტიც ექსპრეზიდენტის პარტიიდან, პროტესტის ავტორებს ურჩიეს ისტერიული განცხადებების ნაცვლად, პასუხი სალომე ზურაბიშვილს მოსთხოვონ.
"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის გალიდერების დაკვეთა ვერ შეასრულა და ოპოზიციაში დაპირისპირებაც ამჯერად, უცხოელი დამფინანსებლების მთავარი სტრატეგიული გეგმის - რევოლუციური პროცესების ჩაგდებას მოჰყვა.
სალომე ზურაბიშვილმა მხარდამჭერები საპროტესტო აქციამდე რამდენიმე დღით ადრე მიიწვია და დაჰპირდა, რომ სამოქმედო გეგმას ადგილზე გააცნობდა. თუმცა რუსთაველის 8 ნომერთან მისულ დემონსტრანტებს, ტერიტორიის დროზე ადრე დატოვების სურვილი, თავად ექსპრეზიდენტის სიტყვამ გაუჩინა.