
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული, წიფელის სახეობის 66 მორი ამოიღეს. მოქალაქეები უნებართვოდ მოჭრილი ხე-ტყის ტრანსპორტირებას სატვირთო ავტომობილებით ახდენდნენ. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ მასალები საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნა. შემთხვევა კახეთის რეგიონში მოხდა.
კახეთი არ არის ერთადერთი რეგიონი, სადაც უკანონო ტყით სარგებლობის შემთხვევები ფიქსირდება. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო სამ თვეში დანაშაულის 477 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის ხე-ტყის უკანონო ჭრის; ტრანსპორტირების, გადამუშავების და სახერხი საამქროების მოწყობის შემთხვევები. სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიება 28 ფაქტზე დაიწყო.
ბუნებრივი რესურსის მართვაზე მკაცრი მონიტორინგის მიუხედავად, უკანონო ტყით სარგებლობა ქვეყანაში გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით დანაშაულზე სანქციები მკაცრდება. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი უკვე განიხილავს. ცვლილებები, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში შედის. სასჯელი გაიზრდება უკანონო სახერხი საამქროს მოწყობის შემთხვევაში, რომელიც ნაცვლად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, ერთიდან სამ წლამდე ვადით პატიმრობით განისაზღვრება.
სისხლის სამართლის კოდექს ემატება ახალი მუხლიც - სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული ხის მორების განთავსების შესახებ. უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტზე განსაზღვრული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 5-7 წლამდე განისაზღვრება.
ავტორი: ირაკლი კოშაძე