02 აპრილი 2025,   11:06
ვრცლად
"აგენტურულ ოპოზიციას ქართულ ოპოზიციურ სპექტრში მოსწორებული აქვს ნიადაგი... ეს არ ეხება საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში თავის საქმეს აკეთებს" - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში მმართველი გუნდის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც იმ პარტიების აკრძალვას გულისხმობს, რომლებიც "ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას" ეწევიან.

როგორც მათიკაშვილმა განმარტა, აკრძალვის გადაწყვეტილებას არა მმართველი გუნდი და პარლამენტი მიიღებს, არამედ ამას საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს.

"იმისთვის, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ოპოზიცია, დანაშაულის ჩამდენი პირები, ვინც პირდაპირი მნიშვნელობით... და ეს არის ევროპული პრაქტიკა და შეგიძლიათ გადახედოთ ევროპაში რა ხდება, როგორ ხდება პოლიტიკური პარტიების, იმ პარტიების, ვისი მიზანიც არ არის დემოკრატიის მშენებლობა, აკრძალვა. აკრძალვა არ ხორციელდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, ვერც მმართველი პარტია ვერ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მას საკონსტიტუციო სასამართლო იღებს.

წარმოვიდგინოთ მოცემულობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის," როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვისა და შემდეგ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ამ კონკრეტულ ორგანიზაციას, გადაჯგუფდნენ, დაირქვეს სხვა სახელი "ნაციონალური მოძრაობა ერთი" და გააგრძელეს იგივე მიზნებით საქმიანობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები შეაფასებენ არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ეს ახალი შექმნილიო კონკრეტული პარტია არის თუ არა რეალურად იგივე პარტია, სახეცვლილებით, იგივე სახეებით, იგივე ადამიანებით, იგივე წესდებითა და იგივე მიზნებით. ამ ყველაფრის მიზანი ხომ არ არის კოსმეტიკური ცვლილებები?!

სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით, მოსწორებული ნიადაგი დღეს აქვს აგენტურულ ოპოზიციას ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, გარდა საპარლამენტო ოპოზიციისა, რომელიც თავის საქმეს პარლამენტში აკეთებს. მათი თავიანთი სიბნელით თავიანთი შექმნილი ეს უღრანი ტყე ისე დაიკავეს, რომ იქ სინათლის და ჯანსაღი, პოზიტიური, სხვა ოპოზიციური ძალები არ დატოვეს. თუკი არ ვიქნებით ჩვენ პრინციპულები დემოკრატიის მშენებლობაში, ჩვენ აუცილებლად რეგრესს მივიღებთ," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები