
ბრიტანულმა ავიაკომპანია EasyJet-მა ჟენევიდან პირველი პირდაპირი რეისი წარმატებით შეასრულა. ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან საქართველომ, ინტენსიური მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დაასრულა, და დღეიდან EasyJet ოფიციალურად იწყებს ოპერირებას.
ახალი ავია მარშრუტები საქართველოს, ლონდონს, მილანსა და ჟენევას დააკავშირებს, რაც ქვეყანას ევროპასთან საჰაერო კავშირს უფრო გააუმჯობესებს.
EasyJet-ის გარდა, საქართველოში ოპერირება დაიწყო კიდევ ერთმა ბრიტანულმა ავიაკომპანიამ – British Airways-მა. A320 ტიპის თვითმფრინავმა ლონდონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი უკვე შეასრულა. განახლებული მარშრუტით საქართველოს დედაქალაქში 156 მგზავრი ჩამოვიდა. ავიაკომპანია ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს.
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, დღეს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ბრიტანული ავიაკომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობებზე.
ორი ბრიტანული ავიაკომპანიის ოპერირებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პირდაპირი რეისები ქვეყანაში ტურისტული სექტორის განვითარებას უფრო შეუწყობს ხელს.
British Airways-ი 100 წელზე მეტია ოპერირებს. easyJet-ი კი 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.
British Airways-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო.