01 აპრილი 2025,   21:40
ვრცლად
ბოლო პერიოდის ყველაზე ტრენდულ შოკოლადში ჯანმრთელობისთვის საშიში შემადგენლობები აღმოაჩინეს - რა ნივთიერებებს მიაკვლიეს "დუბაის შოკოლადში"

პრემიუმ კლასის, ყველაზე ტრენდული და მაღალ ფასიანი შოკოლადი, რომელიც ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკბილეულია, შეიძლება, თქვენი ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს.

გერმანიაში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, დუბაის შოკოლადში ობის სოკო და ტრანსცხიმები აღმოჩნდა.

კვლევის საგანგაშო შედეგებს გერმანული გავლენიანი გამოცემა "შპიგელი" ავრცელებს.

გერმანიის სურსათის უვნებლობის ლაბორატორიაში შემოწმდა გაერთიანებულ საამიროების, თურქეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის 6 მსხვილი მწარმოებლის დუბაის შოკოლადი.

კვლევის შედეგად კი თურქეთიდან და საამიროებიდან იმპორტირებულ ყველაზე ძვირადღირებულ ნიმუშებში აღმოჩნდა - გლიციდიდინის ტოქსინები, რაფინირებული პალმის ზეთი, ობის აფლატოქსინები, მიკოტოქსინები, ტოქსიკური არომატიზატორები და საღებავები.

შესწავლილი ტკბილეულის შემთხვევაში დარღვეულია ეტიკეტირების წესიც. შეფუთვაზე მითითებული შემადგენლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალურად გამოყენებული ინგრედიენტებისგან. ასევე არცერთი პროდუქტის ანოტაცია არ იძლევა ინფორმაციას მასში არსებული მძიმე ალერგენების შესახებ.

შემოწმებულ დუბაის შოკოლადის ფილებში აღმოჩენილი დამაბინძურებლები კლასიფიცირებულია, როგორც პოტენციური კანცეროგენები, კანცეროგენები კი სიმსივნური დაავადებების მაპროვოცირებელია.

გამოცემა ასევე ამახვილებს ყურადღებას დუბაის შოკოლადის კოლოსალურ ფასზე. ირკვევა, რომ რეალიზაციის ფასი შოკოლადის ინგრედიენტებისა და წარმოების საფასურს, ანუ თვითღირებულებას 20-ჯერ აჭარბებს.

დუბაის შოკოლადი კლასიკური რეცეპტით უნდა შეიცავდეს კაკაოს ცხიმს, ფსტის პასტას, ტახინის ანუ სეზამის პასტას და ცომის ოქროსფერ ძაფებს იგივე კადაიფს. თუ ტკბილეული ხარისხიანი მასალით მზადდება და მომხმარებელს არ აქვს ალერგია ინგრედიენტებზე, ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

დღის ამბები