
საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი მოვლენა და თარიღი - აგვისტოს ომი. ომი, რომელმაც საქართველოს 412 მოქალაქე, მათ შორის 169 ჯარისკაცი იმსხვერპლა, დაიჭრა 1 747 ადამიანი, საკუთარ ქვეყანაში დევნილად 150 ათასამდე პირი იქცა. რუსული აგრესიის ფასი ქვეყანამ სიცოცხლით და ტერიტორიით გადაიხადა.
რა პროცესები უძღოდა ომის დაწყებას და შეიძლებოდა თუ არა საომარი მოქმედებების თავიდან აცილება? - დროებითი საგამოძიებო კომისია 17 წლის წინანდელი მოვლენებით ინტერესდება და ფაქტების შესწავლას იწყებს. პარლამენტში ყოფილ მაღალჩინოსნებს იბარებენ, თუმცა ყველას გზა საკანონმდებლო ორგანომდე არ მიდის.
დღე პირველი და 6 საათიანი სხდომა. სამუშაო ჯგუფის კითხვებს ზურაბ ნოღაიდელი პასუხობს. ყოფილი პრემიერ მინისტრი, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის ომის თავიდან აცილება შეეძლო. კომისიასთან ყვება იმასაც, რომ ექსპრეზიდენტის ნაბიჯებმა საქართველო შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე სხვა წლებშიც მიიყვანა...
ზურაბ ნოღაიდელი გამონაკლისი არ ყოფილა. კომისია უსმენს თამაზ ბესტაევსაც. ომის დროს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრი სამუშაო ჯგუფს, სკანდალურ ჩვენებას აძლევს და წინა ხელისუფლებას ხალხის გაწირვაში ადანაშაულებს.
იმას, რასაც ამბობს ბესტაევი, ადასტურებს გრიგოლ ვაშაძეც. საგამოძიებო კომისიის წინაშე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია. ვაშაძე აცხადებს, რომ ადგილობრივების ევაკუაცია, არსებული ინფორმაციის მიუხედავად, გამიზნულად არ მოხდა.
საკითხით საგამოძიებო კომისია 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელთანაც ინტერესდება. პაატა დავითაია საკანონმდებლო ორგანოში ადასტურებს, რომ მაშინდელი კომისია იკვლევდა -რატომ არ მოხდა კოდორისა და ლიახვის ხეობიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, თუმცა მისი თქმით წინა ხელისუფლების მინისტრებს ამაზე პასუხი არ ჰქონდათ. საგამოძიებო კომისიას ჩვენებას დისტანციურად აძლევს მიხეილ ქარელიც - შიდა ქართლის ყოფილი რწმუნებული. ჰყვება, რომ ის, რაც აგვისტოში მოხდა შეთანხმებული იყო, რეგიონში შეიარაღებული ძალების განთავსების გადაწყვეტილება კი, სააკაშვილთან ერთად, ირაკლი ოქრუაშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა მიიღეს.
სხდომა სრულდება. საგამოძიებო კომისიასთან მუშაობაზე 6 დაბარებულიდან ხუთი თანხმობას, ერთი - ირაკლი ოქრუაშვილი კი უარს ამბობს და პარლამენტში არ მიდის.
თუმცა პროცესი გრძელდება და სამუშაო ჯგუფი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზში მეორე დღესაც იკრიბება. ყველაზე ხანგრძლივი მოსმენა იწყება. ზაზა გოგავა - გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი... საგამოძიებო კომისია გოგავასგან ისმენს, რომ თავდაცვის სამინისტროში, დავით კეზერაშვილთან რამდენიმე საათით ადრე, გაფართოებულ თათბირზე მიღებული გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის ზარით შეიცვალა. გენშტაბის უფროსი აღიარებს, რომ კოდორის ხეობიდან ჯარის გამოყვანის ბრძანება მან გასცა, თუმცა მოსახლეობა ვერ გააფრთხილა.
გენერალი გოგავა 17 წლის წინანდელ სისტემურ ხარვეზებს აღიარებს. კომისიას იმ კატასტროფულ შედეგებზე უყვება, რომელიც ჩვენს ქვეყანას, შეიარაღებული ძალების განლაგებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ პირდაპირ ეთერში ნაჩვენებმა ტექნიკურმა ინფორმაციამ მოუტანა.
კომისია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილითაც ინტერესდება. შალვა ჯანაშვილი ყვება, რომ 8 აგვისტოს, ცხინვალში შესვლის ბრძანება ვანო მერაბიშვილისგან მიიღო. რეზონანსულია ლაშა ქოიავას განცხადებაც, სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი კომისიას უყვება, რომ აგვისტოს ომამდე თვეებით ადრე, საველე ჰოსპიტალების მომზადების დავალება გაიცა.
2008 წლის მოვლენების განხილვა, დღე მესამე: საგამოძიებო კომისია მეშვიდე სხდომაზე 4 პირს კითხავს. საკანონმდებლო ორგანოში მიდის მამუკა ყურაშვილი, რომელიც 2008 წლის ომის დროს სამშვიდობო ოპერაციების შტაბს ხელმძღვანელობდა. რატომ არ მოხდა მოსახლეობის დროული ევაკუაცია? - გენერალი კომისიას უყვება, რომ საკითხზე საუბრის საშუალება მაშინდელ მთავარსარდალთან არ მიეცა.
მამუკა ყურაშვილი იმ ფაქტსაც იხსენებს, როცა ომის ოფიციალურ დაწყებამდე დიპლომატები, ეკა ზღულაძესთან ერთად, კონფლიქტის ზონასთან ოსური მხარის მოთხოვნით ჩაიყვანა.
საკანონმდებლო ორგანოში მიდის გოგა ხაინდრავა. 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრი წინა ხელისუფლებას ვითარების ხელოვნურად გამწვავების მცდელობაში ადანაშაულებს. საუბრობს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხზეც. იხსენებს სააკაშვილთან საუბრის დეტალებს. გოგა ხაინდრავას ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ, აჭარის მსგავსად, ცხინვალის რეგიონის პრობლემებიც მოგვარდებოდა.
მწვავეა ირაკლი ბათიაშვილის გამოსვლაც. იხსენებს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და კომისიას უყვება, რომ მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა რუსეთს, კოდორის ხეობა მიზანმიმართულად, ბრძოლის გარეშე ჩააბარეს.
2008 წლამდე და მიმდინარე მოვლენებზე, საგამოძიებო კომისიის კითხვებს გიორგი ვოლსკი პასუხობს. იხსენებს, როგორ გააფრთხილებს მიხეილ სააკაშვილი პარტნიორებმა, თან არაერთხელ, რომ რუსეთს საქართველოს განადგურება შეეძლო.
წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ქმედების მოკვლევას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია განაგრძობს. სამუშაო ჯგუფის მაგიდაზე ჯერ კიდევ გამოსაძიებელი საქმეების ათეულობით ტომი დევს.