
პირველი რომანტიკოსის, გერმანელი კომპოზიტორის ფრანც შუბერტის შემოქმედება, რომელიც ვენის კლასიკური სკოლის ტრადიციების მიმდევარია, ამავე დროს ნოვატორულადაც არის აღიარებული. მის ერთ-ერთ ცნობილ სიმფონიას თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ასრულებს. მე-6 სიმფონიას თავისი ისტორია აქვს: საუკუნეების წინ კომპოზიტორის ეს ნაწარმოები ლონდონის ფილარმონიაში არასერიოზულად მიიღეს და მის შესრულებაზე უარიც კი თქვეს. თუმცა, წლების შემდეგ, მე-6 სიმოფონია შუბერტის კომპოზიტორის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებებს შორის მოხვდა.
იტალიელ დირიჟორ კლაუდიო ვანდელს თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, რომელიც წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ კონცერტსაც მოიცავს. აპრილის კონცერტის პროგრამაშია იტალიელი კომპოზიტორის როსინის უვერტიურა ოპერიდან "სევილიელი დალაქი".
მაყურებელი მოისმენს, "მე-18 საუკუნის პატარა სასწაულის", ანუ მოცარტის საფორტეპიანო კონცერტსაც. ორკესტრთან ერთად იქნება სოლისტიც, პიანისტი ელისაბედ ნამჩევაძე, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია.
ყველაზე ახალგაზრდა და ახალგაზრდული ორკესტრი საპასუხისმგებლო დღისთვის ემზადება. კონცერტამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. შესაბამისად, რეპეტიციები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წელს ეროვნული სასახლის ბაზაზე, თბილისის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა. პირველი კონცერტიც იმავე წლის აპრილში გაიმართა. ორკესტრის შემოქმედებითი ბიოგრაფია 30-ზე მეტ კონცერტსა და რამდენიმე საერთაშორისო გასტროლს ითვლის. ორკესტრის 2025 წლის რიგით მეორე კონცერტი პირველ აპრილს, საქართველოს ეროვნულ სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში გაიმართება.