თბილისში ისევ განხილვის თემაა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია. მმართველი გუნდი ოპონენტებს საქართველოს წინააღმდეგ გამიზნულ ქმედებებში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ოპოზიციამ PACE-ში უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმოქმედა და ქვეყნის ინტერესები განზრახ დააზიანა. ის რომ პროცესში უკრაინული მხარეც მონაწილეობდა, ამას უკრაინელი ჟურნალისტი ადასტურებს.
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ცნო, რითაც აღიარეს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, თუმცა ის რეზოლუცია, რომელიც საქართველოსთან მიმართებით სრულიად უსამართლო იყო და რომელიც უკრაინელმა დეპუტატებმა ქართველი ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავეს, აღმოჩნდა სრულიად მიუღებელი ჩვენთვის. ამიტომ, სანამ ევროსაბჭო თავად არ ჩამოაყალიბებს სამართლიან პოზიციას ჩვენთან მიმართებაში, შევწყვეტთ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო და სხვა ვალდებულებებზე მუშაობას გააგრძელებს.
ოპოზიციის ამოცანა იყო, რომ ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ ცნობილიყო და ამას ისინი აკეთებენ უკრაინის დელეგაციასთან ერთად. სამწუხაროდ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლება მუდმივად ცდილობს ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას, მიზეზები მარტივია - ჩვენ არ ჩავერთეთ ღიად ომში და არ გავხსენით მეორე ფრონტი.
სწორედ ეს არის იმ დამოკიდებულების მიზეზი, რომელსაც ჩვენ ომის დაწყების დღიდანვე ვხედავთ, ისევე როგორც ომამდეც არ გამოირჩეოდა უკრაინის ხელისუფლება, ჩვენი ხელისუფლებისადმი პატივისცემითა და მეგობრობას, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და როგორც ქართული სახელმწიფო, ცალმხრივად ვაგრძელებთ კვლავ ურთიერთობას უკრაინის სახელმწიფოსთან,"- აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.