01 თებერვალი 2025,   01:52
ვრცლად
შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთ-უკრაინის ომზე - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მარკო რუბიომ დაადასტურა ის, რაზეც "ქართული ოცნება" 3 წლის განმავლობაში საუბრობდა

რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებაზე, რუსეთის განადგურებასა და სიტუაციის 2014 წლამდე პერიოდში დაბრუნებაზე გაკეთებული განცხადებები, ამერიკის ახალი სახელმწიფო მდივნისთვის მინიმუმ არაკეთილსინდისიერია. მარკო რუბიო ფიქრობს, რომ პუტინის ნაბიჯები საშინელია, თუმცა ნებისმიერი ამ შინაარსის საუბარი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ საზოგადოებამ რუსეთის მარცხი დაიჯეროს.

რუსეთ-უკრაინის ომზე და ამ ყველაფერთან დაკავშირებით, შტატების პოზიციაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. ტრამპის პოლიტიკა კი შემდეგია - გახანგრძლივებული კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ეს მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს.

მარკო რუბიოს განცხადებას პრემიერ მინისტრი "ქართული ოცნების" პოზიციების მორიგ დასტურს უწოდებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთი გზით ცდილობდნენ სახელისუფლებო პარტიის დარწმუნებას, რომ რუსეთი უკრაინაში მარცხდება და საქართველოს ეს
შანსი უნდა გამოეყენებინა. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდის თავშეკავებულმა პოლიტიკამ ქვეყანას ტრაგიკული მოვლენები აარიდა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ინტერვიუს ფონზე, სახელისუფლებო პარტია ოპოზიციის მიერ წარსულში გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს, სადაც არაერთი დასავლელი პოლიტიკოსის მსგავსად ადგილობრივი პარტიები აქტიურად საუბრობდნენ უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხებაზე და ამ მოვლენას საქართველოს მომავალს უკავშირებდნენ.

ოპოზიციის ნაწილი დღეს ამ შინაარსის განცხადებებს ვერ იხსენებს, ნაწილი კი არ მალავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციებს არ იზიარებენ.

რუსეთის მარცხზე განცხადებები უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან კეთდებოდა. მმართველი პარტიაში, ისევე როგორც "ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ რაზეც ამერიკა ახლა საუბრობს, მათ დიდი ხნის წინ თქვეს.

მარკო რუბიომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მუშაობა ოფიციალურად 20 იანვრიდან დაიწყო. დღეს გავრცელებული ინტერვიუ ერთ-ერთი პირველია, რომელიც რუბიომ სახელმწიფო მდივნის რანგში მისცა.

დღის ამბები