ოპოზიცია სტრასბურგში შესრულებული სამუშაოთი ამაყობს, რეზოლუციის შემუშავებაში კი უკრაინული დელეგაციის თანამონაწილეობას არ უარყოფს. ინფორმაციას, რომელიც ევროსაბჭოდან უკრაინელმა ჟურნალისტმა გაავრცელა, ხელისუფლების ოპონენტები ნაწილობრივ ადასტურებენ. ამბობენ, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა ახალი არჩევნების ჩატარების დათქმით, მხოლოდ უკრაინელი დელეგატების დამსახურება არ არის.
ის, რასაც ოპოზიცია გამარჯვებას უწოდებს, ქვეყნის ინტერესების ღალატია ხელისუფლებისთვის.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება აბსურდულ დათქმებს მოიცავს და ადასტურებს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტული ძალები კოორდინირებულად მოქმედებენ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სტრასბურგში რეზოლუციის მიღებაში ოპოზიციასთან ერთად ის უკრაინელი დეპუტატებიც იყვნენ ჩართული, ვინც საქართველოს რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ.
უკრაინული მხარის ჩართულობა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე მმართველ გუნდს არ უკვირს. უმრავლესობას არგუმენტად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეცვლილი დამოკიდებულება მოჰყავს, რასაც მათივე განმარტებით, კონკრეტული მიზეზი აქვს.
ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. უფლებამოსილების რატიფიცირების მიუხედავად, სწორედ ეს დათქმები აღმოჩნდა ქართული დელეგაციისთვის მიუღებელი, რის გამოც მმართველმა გუნდმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ასამბლეის პრეზიდენტი მედიასთან განმარტავს, რომ დელეგაციამ უფლებამოსილება მიიღო და ევროსაბჭოს ინსტიტუციაში მუშაობას მათ კანონი ავალდებულებს.