01 თებერვალი 2025,   01:50
ვრცლად
6 თებერვლიდან საქართველო ზამთრის სპორტული სახეობების ეპიცენტრი გახდება - სპორტსმენები მსოფლიოს 45 ქვეყნიდან თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში ერთმანეთს პირველობისთვის შეეჯიბრებიან

6 თებერვლიდან საქართველო ზამთრის სპორტული სახეობების ეპიცენტრი გახდება. ათასი სპორტსმენი მსოფლიო 45 ქვეყნიდან თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში ერთმანეთს პირველობისთვის შეეჯიბრება. 

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალისთვის ახალი ინფრასტრუქტურა აშენდა თბილისშიც. 700 მაყურებელზე გათვლილი ყინულის მოედანი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ჰოკეისტებს უმასპინძლებს. დასრულებული ინფრასტრუქტურა დღეს პრემიერ-მინისტრმა მოინახულა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უმაღლესი დონის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი ზუსტად 1 წელში აშენდა და ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ, ახალი ყინულის არენა, ქვეყანაში სპორტის ამ მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს.

თბილისის ყინულის არენა, დიღომში, ოლიმპიურ სოფელთან მდებარეობს. უნიკალური სპორტული კომპლექსი 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი, სივრცე მოიცავს ტრიბუნებს, სავარჯიშო, ქორეოგრაფიულ, დასასვენებელ და საკონფერენციო დარბაზებს.

უმოკლეს დროში აშენებული ახალი კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და ქვეყანას საშუალებას აძლევს ყველა, საერთაშორისო დონის შეჯიბრს უმასპინძლოს.

თბილისის შემდეგ მთავრობის მეთაური ახალ, სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო ბაკურიანში. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა მასშტაბური სპორტული ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ანგარიში მოისმინა.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანა ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მზად არის და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დასრულებულია. უკვე გაიხსნა ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) 3.5 კმ სიგრძის ტრასა ბაკურიანში.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, პირველი შეჯიბრი 6 თებერვალს, ყინულის ჰოკეიში გაიმართება. "ბაკურიანი 2025"-თვის საქართველოს 1000-მდე სპორტსმენი 45 ქვეყნიდან ეწვევა. მანამდე კი ბაკურიანში ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია. "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართება.

დღის ამბები