პრემიერ-მინისტრი იმ დაფინანსების დეტალების გასაჯაროებაზე საუბრობს, რომელთა ნაწილიც, მისი თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებს ხმარდებოდა. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება - 90 დღით შეაჩეროს საგარეო დახმარება, შეეხო საქართველოში USAID-ის პროგრამებსაც. ტრამპის ეს განკარგულება ხელისუფლებისთვის იმის დასტურია, რომ შტატების წინა ადმინისტრაცია ფინანსებს სხვადასხვა ქვეყანაში არეულობისთვის იყენებდა.
უცხოურ მედიაში ამერიკელი ჰაკერების მიერ გავრცელდა ინფორმაცია არამომგებიან გრანტებზე, საიდანაც ირკვევა, რომ USAID-მა საქართველოში სამი პროგრამისთვის 30 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. გრანტები ოფიციალურად გამოყოფილია როგორც სასამართლო, ისე მედია და სამოქალაქო განათლების განვითარებისთვის. პროექტების შესახებ ინფორმაცია დღეს ერთ-ერთმა ქართულმა სააგენტომაც გაავრცელა. ირკვევა, რომ შეჩერდა USAID-ის მიერ 20 მილიონით დაფინანსებული პროგრამა "ისთ ვესტერნი", ასევე აირექსის სხვადასხვა პროექტი. ამავე მედიის ცნობით, იმ პროგრამების
ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც დაფინანსება შეუწყდათ, აქტიურად აპროტესტებდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს.
გამჭვირვალობაში ცუდს ვერაფერს ხედავს ქართული ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საქართველოში კანონის მიღების წინააღმდეგი იყო. იმედი აქვთ, რომ უცხოური დაფინანსება საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე ისევ განახლდება.
სწორედ გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ უცხოური დაფინანსების ნაწილი, ქვეყანაში რევოლუციური
სცენარების განვითარებას უწყობდა ხელს და მათი ოპონენტები კანონის მიღებას სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ.
საგარეო დახმარების 90 დღით შეჩერების შესახებ განკარგულებას ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ხელი ინაუგურაციიდან მეორე დღესვე მოაწერა. ტრამპის გადაწყვეტილებით, საქართველოში USAID-ის რამდენიმე მსხვილი პროექტი შეჩერდა.