ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება და ქართული კონტექსტი - დონალდ ტრამპი საგარეო დაფინანსებას 90 დღით აჩერებს, მათ შორის საუბარია საერთაშორისო განვითარების სააგენტოზე, რომლის გავლითაც ფინანსური ტრანშები ხშირ შემთხვევაში ქართულ არასამთავრობოებში მოდის.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მმართველი გუნდის საპასუხოდ აცხადებენ, რომ საგარეო დახმარება "არანაირ რევოლუციურ პროცესს არ ხმარდებოდა"
"ფაქტია, რომ არ ხმარდებოდა არანაირ რევოლუციურ პროცესს. USAID-ს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული, დაუნახაობა და უმადურობაა, როდესაც ასეთ ორგანიზაციას იმის მაგივრად რომ მადლობა გადაუხადო, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებ და შეურაცხყოფას აყენებ,"- აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრი ლანა გალდავა კი აღნიშნავს, რომ საგარეო დაფინანსების შეჩერება სასიხარულო ამბავი არ არის, რადგან მისივე თქმით, ეს დახმარებები დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღეს ხმარდებოდა:
"ამერიკის საგარეო დახმარების განაწილება ეს მათი შიდა საქმეა და აღებული სამთვიანი პერიოდი ეს არის პრიორიტეტების განსაზღვრისათვის. რაც შეეხება იმას, რომ "ქართულ ოცნებას" ძალიან უხარია ქართველი ხალხისთვის საგარეო დახმარების შეჩერება ეს უკვე დიაგნოზია და ბევრი რამის მაჩვენებელი. ეს დახმარებები დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღეს ხმარდებოდა,"- აღნიშნავს ლანა გალდავა.