ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გაზარდა, რის შედეგადაც, 170 000-მდე მსესხებელს სესხი ავტომატურად გაეზრდება. პროცენტი გაეზრდებათ მათ, ვისი სესხიც არის აღებული ლარში და, ხელშეკრულების მიხედვით, მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე. თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასევე, გაიზრდება საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში გასაცემ სესხებზეც.
"არჩევანი ცუდსა და უარესს შორის" - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი კეპულაძემ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ცდილობს ებრძოლოს მზარდ ინფლაციას, რომელმაც ნოემბრის თვეში 12.5% შეადგინა.
"ეროვნულმა ბანკმა გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს არასაიმედო პროგნოზი ინფლაციასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ეს მასიური ზეწოლა მომავალ წელსაც გაგრძელდეს, ამიტომ ის ამ ბერკეტის გამოყენებით ცდილობს, ხელი შეუშალოს ინფლაციას. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს სხვა გზა არ გაქვს დარჩენილი, რადგან სამთავრობო დანახარჯები და დაკრედიტება გაზრდილია, რაც თავისთავად, ინფლაციას აწვება. შედეგად, ყოველდღიურად, ადამიანები უფრო მეტ ფულს ხარჯავენ იმაში, რაშიც შარშან შედარებით ნაკლებს დახარჯავდნენ. საბოლოოდ, ვიღებთ იმას, რომ 170 000-მდე მსესხებელს გაუძვირდება რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები და, რადგან ბანკებს გაუძვირდებათ ლარში მოზიდული სესხები, მოუწევთ გაზარდონ საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში გასაცემ სესხებზეც,"- აცხადებს გიორგი კეპულაძე.
ექსპერტი ამბობს, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდას შეასუსტებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ის ზრდა, რაც ქვეყანაში შარშანდელთან შედარებით დაფიქსირდა, უარყოფითად მოქმედებს ინფლაციაზე. ამასთან, მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის სიკეთეები მთლიანად გადაფარა ინფლაციის შედეგად მიღებულმა უარყოფითმა შედეგებმა.
"ისეთი ეკონომიკის პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს, თან იაფი სესხები და თან დაბალი ინფლაცია, ამ ეტაპზე, არ გამოდის, რადგან ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შარშანდელთან შედარებით გვაქვს, თავისთავად, ფასების ზრდაზე მოქმედებს უარყოფითად, რადგან როცა მთავრობა ხარჯავს ბევრ ფულს, ეროვნული ბანკი იძულებულია, ამ ფულის ხარჯვას მოუჭიროს და ამის მექანიზმია სწორედ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ეროვნული ბანკი ცდილობს, შეამციროს ეკონომიკაში ფულის მოძრაობა იმის გამო, რომ გვაქვს მაღალი ინფლაცია. რაც უფრო მეტი ფულია ეკონომიკაში, ეს დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ უარყოფითად აისახება ინფლაციაზე.
იმას, რომ შარშანდელ ჩავარდნილ წელთან შედარებით გვაქვს 10%-იანი ზრდა, მთლიანად "ჭამს" ის უარყოფითი ეფექტი, რაც აქვს ინფლაციას - საშუალოდ, ყველა მოქალაქეს ცხოვრება გაუძვირდა, დაახლოებით, 13%-ით, მაგრამ სურსათი, მედიკამენტები კიდევ უფრო მეტად გაძვირდა. ამიტომ, ეროვნულ ბანკს სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი. ხშირად, სამწუხაროდ, გვიწევს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის - ეროვნული ბანკის ნაბიჯი, წესით, ინფლაციურ წნეხს შეამცირებს, რადგან სწორედ ამისთვის იდგმება ეს ნაბიჯი, თუმცა, მხოლოდ ეს არ არის გამოსავალი, ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც მოქმედებს ინფლაციაზე და მთავრობამაც უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ მომავალ წელსაც, ინფლაცია არ იყოს ასეთი მაღალი, რადგან ინფლაცია იმწუთშივე აისახება ჩვენს ჯიბეზე, ეკონომიკური ზრდის ეფექტს კი ამას ცოტა გვიან ვგრძნობთ. ამიტომ, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და არა ტრაბახი და რიცხვებით ჟონგლიორობა, ნომინალური მთლიანი სიდა პროდუქტის დათვლა რეალურის მაგივრად და ა.შ,"- აცხადებს გიორგი კეპულაძე.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-ს შეადგენს.