01 აპრილი 2025,   21:58
ვრცლად
თითქმის 10 წლის შემდეგ, სასამართლო მაგდა პაპიძის საქმეს უბრუნდება - რას ითხოვს ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული უვადო პატიმარი

თითქმის 10 წლის წინ, მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა, ერთხმად, დამნაშავედ ცნო. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა, რუსთავის #5 ციხის იმ კორპუსში, სადაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დამნაშავეები ცხოვრობენ, ბინა სამარტოო საკანში დაიდო. უვადო პატიმრობის ათვლაც 2016 წლის 6 ივნისს დაიწყო.

უვადო მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში საკუთარი სურვილით და კონკრეტული მოთხოვნით დაბრუნდა - ის კანონით განსაზღვრული მკაცრი რეჟიმის შემსუბუქებას ითხოვს.

სანამ მთავარ მიზანზე საუბარს დაიწყებდა, ითხოვდა, რომ "კურიერი P.S.-ის" გადამღებ ჯგუფს სხდომა დაეტოვებინა. მოსამართლეებმა ეს შუამდგომლობა უსაფუძვლოდ ჩათვალეს. შემდეგ მოითხოვა დახურული ზონიდან ნახევრად ღია დაწესებულებაში გადასვლა, რაზეც რამდენიმე თვის წინ პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი უთხრა. ახლა, სააპელაციო საჩივრით, ცდილობს, მიზანს მიაღწიოს. ბევრი ისაუბრა, იმაზეც, რომ სურს, ჩაერთოს ციხის ყველა პროგრამაში, იმუშაოს და თანხა დააგროვოს. უვადო პატიმარს ციხიდან გასვლის მოლოდინი აქვს და წლების ფუჭად გატარება არ სურს.

მაგდა პაპიძემ საკუთარ ყოფაზე ბევრი ისაუბრა. ციხის ადმინისტრაციას მადლობა არაერთხელ უთხრა, მათ შორის იმისთვის, რომ სამთვიანი კონტრაქტით, ჟოლოს ბაღში მუშაობის უფლება მისცეს. სამარტოო საკანში კი, ძირითადად ხატვას და შემდეგ ნამუშევრებს ყიდის. ხატვა შემოსავლის წყაროდ აქცია. ქმრისა და შვილის მკვლელობის უმძიმეს ბრალდებაზე არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ მომხდარს საკუთარი უბედურება უწოდა.

უმძიმეს სასჯელამდე იყო უმძიმესი ისტორია. თბილისში, ფერაძის ქუჩის 2 ნომერში. ფაქტი, რომელიც ქართულ კრიმინალურ არქივს არასდროს დაავიწყდება.

2015 წლის 20 დეკემბერი თენდებოდა. 112-ში შემზარავი შეტყობინება შევიდა. სამართალდამცველებს ფერაძის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზოსთან მაგდა პაპიძის ქმრის ომარ ქაფიაშვილის ცხედარი დახვდათ. იქვე მდგომ ავტომობილში კი, გარდაცვლილი იპოვეს 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილი.

გამოძიება პირველ წუთებში ყველა ვერსიას განიხილავდა, გარდა ერთისა - რომ მკვლელობა მაგდა პაპიძემ ჩაიდინა. ქალი იმ დროს ამტკიცებდა, რომ ქმარ-შვილი ხაჭაპურის საჭმელად გავიდა და დააგვიანდა, მოსაყვანად წასულს კი, სადარბაზოსთან ცხედრები დახვდა.

მალევე პოლიციამ სულ სხვა სურათი აღადგინა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, აქ სისხლის კვალი მაგდა პაპიძის საცხოვრებელი ბინის კარამდე მივიდა. უშუალოდ ბინაში ერთი შეხედვით, საეჭვო არაფერი ჩანდა, მოგვიანებით ნაპოვნი 1 წვეთი სისხლის გარდა. წვეთი მაგიდის ქვეშ აღმოაჩინეს. ბინა სპეციალური ხსნარით დამუშავდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთახი მკვლელობის ადგილი იყო.

მთავარი ეჭვმიტანილი მაგდა პაპიძე დააკავეს. ის ქმრისა და შვილის მკვლელობას თავიდანვე უარყოფდა, თუმცა აღმოჩენილი ნივთმტკიცებები საპირისპიროს ამბობდა, მათ შორის გარეცხილი გადასაფარებელი და სახლთან ახლოს, ნაგვის ურნიდან ამოღებული სისხლიანი ნივთები.

გამოძიებით გაირკვა, რომ მაგდა პაპიძეს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, რომლისგანაც ბავშვს ელოდებოდა. მეუღლეს ეჭვი გაუჩნდა, ქალმა კი, ახალი ცხოვრების დაწყების სურვილით, დანაშაული დაგეგმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავების შემდეგ, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულს ორსულობა შეუწყდა.

მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მაგდა პაპიძე შვილთან ერთად, მაღაზიაში იყო და დიდი ზომის ურო შეიძინა. ურო, რომელიც თორნიკე და ომარ ქაფიაშვილების მკვლელობის შემდეგ, ნაგვის ურნაში სისხლიან ნივთებთან ერთად იპოვეს, საქმეში მკვლელობის იარაღად ჩაიდო. ამოიღეს პაპიძის წერილიც, რაც დანაშაულებრივი გეგმის ნაწილად შეფასდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქალმა მძინარე ქმარი თავში უროს ჩარტყმით მოკლა, შვილი კი, გაგუდა. შემდეგ ცხედრები დერეფნის გავლით, გარეთ გაიტანა, თუმცა გადამალვა ვეღარ მოახერხა და ღამის საათებში მისი ყვირილის ხმამ მეზობლები გააღვიძა. ქალი შველას ითხოვდა და დანაშაულის ინსცენირებაც ამ დროს მოაწყო.

საქმე, უამრავი მტკიცებულებით, სასამართლომდე მივიდა. მაგდა პაპიძემ ბრალი აქაც უარყო.

ხმაურიანი განხილვების შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა საზარელი დანაშაულისთვის დაკავებული ქალი, ერთხმად, დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ მაგდა პაპიძე ციხეში უვადოდ გაუშვა.

ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ. დღეს კი, უვადო მსჯავრდებულს ერთადერთი მიზანი აქვს - დახურული ზონიდან ნახევრად ღიაში გადასვლა სურს. რას გადაწყვეტს სასამართლო - რამდენიმე დღეში გაირკვევა.

დღის ამბები