
მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების წინ გაცემული დაპირების შესრულებას იწყებს. "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი იდეური მოკავშირეების წინააღმდეგ სახელისუფლებო პარტიის სარჩელის განხილვა, საკონსტიტუციო სასამართლოს, სავარაუდოდ, მალე მოუწევს. სამართლებრივი წინაპირობა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უკვე არაერთხელ დადო - ასეთია უმრავლესობის პოზიცია. თუმცა, საკონსტიტუციო დავა საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, რეზოლუციაზე ხელმოწერა, რომელმაც ომის დაწყება ქართველ სამხედროებს დააბრალა - პოლიტიკოსების აზრით, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის, დანაშაულების სია საკმარისზე დიდია.
მმართველი ძალა კონკურენტებს იშორებს - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია. პარტია, რომელმაც "ქართულ ოცნებასთან" 9 არჩევნები უკვე წააგო, ამტკიცებს, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა მხოლოდ მასზე გადის.
ველის გაჯანსაღება, რომელმაც ქვეყანაში სრულიად ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი უნდა წარმოქმნას - საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებულნი არიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, საქმიანობას კიდევ 3 ბარიერგადალახულ პარტიასაც შეუზღუდავს. მიზეზი 2012 წლიდან დღემდე მათი ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობა და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები უნდა გახდეს. "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ საგამოძიებო კომისია, გაფართოებული მანდატით, ამის მტკიცებულებებს დადებს, რაც, ბუნებრივად, ამ პარტიების მონაწილეობას უკვე თვითმმართველობის არჩევნებზეც გამორიცხავს.
"ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, სხვა ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებში ამტკიცებენ, რომ მათ ინტერესს არა თვითმმართველობის, არამედ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები წარმოადგენს. ოპოზიცია ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების რისკს ვერ ხედავს და ხელისუფლების მხრიდან კონკურენციის გაქრობის სურვილზე საუბრობს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება უმრავლესობის ლიდერმა დააანონსა. მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ "ნაცმოძრაობასა" და მის იდეურ მოკავშირეებს, სავარაუდოდ, არცერთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ. უმრავლესობა სარჩელში ყველა ალტერნატიული შესაძლებლობის პრევენციას მოახდენს, რაც ჯანსაღი და სუფთა წარსულის ოპოზიციურ ძალებს სივრცეს გაუხსნის.
საპარლამენტო დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა საგაზაფხულო სესიის ბოლომდე უნდა დაასრულოს. რა ფორმით განაგრძობს "ნაციონალური მოძრაობა" არსებობას ამის შემდეგ, უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენზე იქნება დამოკიდებული.