20 მარტი 2025,   16:39
ვრცლად
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა Patriot-ის სარაკეტო სისტემები და პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა" - თეთრი სახლის პრესსპიკერი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელიც დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.

საუბრის შესახებ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, განხილვის დიდი ნაწილი დაეთმო პუტინთან განხორციელებულ სატელეფონო ზარს. მოგვიანებით, საუბრის შინაარსის შესახებ ტრამპის დავალებით, განცხადება მოამზადეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა.

ტექსტი თეთრი სახლის პრესსპიკერმა ბრიფინგზე გაახმოვანა. ირკვევა, რომ ზელენსკიმ ტრამპს Patriot-ის დამატებითი კომპლექსები სთხოვა, რასაც ტრამპი დათანხმდა.

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით "ჯაველინის" რაკეტებისთვის, რომლის მიმწოდებელიც პირველად პრეზიდენტი ტრამპი იყო. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და აშშ გააგრძელებენ ერთად მუშაობას ომის რეალური დასრულებისთვის და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შესაძლებელია.

პრეზიდენტმა ტრამპმა სრულად გააცნო პრეზიდენტ ზელენსკის პუტინთან საუბრისა და განხილული მთავარი საკითხები. მათ მიმოიხილეს ვითარება კურსკში და შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ გაცვალონ ინფორმაცია თავდაცვის შტაბებს შორის, საბრძოლო ველზე სიტუაციის განვითარების მიხედვით.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები თავისი მოქალაქეების დასაცავად, კონკრეტულად, Patriot-ის სარაკეტო სისტემები და პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა. ორივე ლიდერი ასევე შეთანხმდა ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგოობიექტებზე. ტექნიკური გუნდები ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან, სადაც იმსჯელებენ, რათა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოება შავ ზღვაზეც, სრულ ცეცხლის შეწყვეტამდე.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განიხილა უკრაინის ელექტრომომარაგება და ატომური ელექტროსადგურები. მან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, დაეხმაროს ამ სადგურების მუშაობას ელექტროენერგიისა და კომუნალური მომსახურების მხრივ. აშშ-ის მიერ ამ სადგურების ფლობა იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის," - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლევიტიმ.

დღის ამბები