
20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ იმ ნარკორეალიზატორებს, რომლებიც კრიმინალურმა პოლიციამ თბილისის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების დროს აიყვანა.
მეზობლები "კურიერს" უდასტურებენ, რომ უცხოეთის ორი მოქალაქე სამართალდამცველებმა დააკავეს. ორივე თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. 24 წლის აიჰან მუხტარლი და 26 წლის ასგარ ვალიევი აზერბაიჯანიდან თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ, თუმცა, ბოლო რამდენიმე დღეა, არც ადგილობრივებს უნახავთ და არც ბინის მეპატრონეს. საცხოვრებელი სახლი ახლა დაკეტილია. სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა ჩხრეკა უკვე ჩაატარეს.
აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტზე, ნაქირავებ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, დიდი დიღმის ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებულია "კოკაიანი" და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან მიღებული თანხა.
თბილისის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, კრიმინალურმა პოლიციამ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სულ 9 პირი დააკავა, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, განახორციელეს რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა და ამ პროცესის ფარული გადაღება.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია "ჰეროინი", "კოკაინი", "მეტადონი", "ლირიკა", "სუბოტექსი" და სხვა სახის მძიმე ნარკოტიკები.
ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებულთაგან ორის პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. უცხო ქვეყნის ორივე მოქალაქეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულები ამ ეტაპზე დანაშაულს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ.
რა მტკიცებულებები დევს საქმეში ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ - ამის გარკვევას "კურიერი" საქმის პროკურორთან შეეცადა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ, სხვა სამხილებთან ერთად, სასამართლოში წარდგენილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ჩანაწერებიც.
ბრალდებულები უკვე გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მათ 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.