20 მარტი 2025,   01:13
ვრცლად
კორუფციასა და ტერორიზმში ჩართულობა თუ პოლიტიკური დევნა - სტამბოლის ოპოზიციონერი მერის დაკავების გამო, თურქეთში მასობრივი პროტესტი დაიწყო

სტამბოლის ცენტრალურ ნაწილს სპეცდანიშნულების რაზმი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები აკონტროლებენ. შეიარაღებულმა ძალოვნებმა ქალაქის მუნიციპალიტეტის მთავარ შენობასთან მისასვლელი ყველა გზა კორდონებით გადაკეტეს. არ ფუნქციონირებს ადმინისტრაციულ შენობასთან მიმავალი არც მეტროს და არც ტრამვაის ხაზები. გადაკეტილია საქალაქთაშორისო მაგისტრალები.

მთავრობის განკარგულებით, ოთხი დღით, საპროტესტო აქციების გამართვა აიკრძალა, თუმცა თურქეთის ქალაქები პროტესტის ეპიცენტრია. დაპირისპირება იყო სტამბოლში სპეცრაზმსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. ასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლის მიზეზი ქალაქის ოპოზიციონერი მერის დაპატიმრება გახდა.

ეკრემ იმამოღლუ სამართალდამცველებმა სავარაუდო კორუფციისა და ტერორისტული კავშირების გამოძიების ფარგლებში დააკავეს. პროკურატურამ იგივე საქმეზე კიდევ 100 პირის დაპატიმრების ორდერები გასცა, მათ შორის არიან იმამოღლუს უახლოესი გარემოცვის წევრები.

ამ დრომდე, თურქეთის პრეზიდენტს დაკავებების სერიის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, ქვეყნის ოპოზიცია კი პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე საუბრობს.

ერდოღანის კონკურენტ რესპუბლიკურ პარტიას, რამდენიმე დღეში, სტამბოლის მერი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად უნდა წარედგინა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები