
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია კოლეგა ოპოზიციონერებს ურჩევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ. დღემდე, ბარიერგადალახულ პარტიებს შორის, ერთადერთი, ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობდა, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" იყო, თუმცა სააკაშვილის პარტიის ეს გადაწყვეტილებაც ეჭვქვეშ ამავე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დააყენა.
ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ არ გადაწყვეტილა, "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებს კი მკაფიო პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული აქვთ.
ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არარელევანტურია სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახლა პოლიტიკურ დღის წესრიგში მხოლოდ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება დგას.
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პოზიციას შეიცვლის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ოპოზიციის პრინციპულ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული არც "გირჩში" არიან. პარტიაში 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყეს და იმედს იტოვებენ, რომ კოლეგების "არა" დროებითი არ აღმოჩნდება.
"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ოპოზიციას მორიგი მარცხის შიში აქვს. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლების ოპონენტები მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, "ქართული ოცნების" თქმით, გარე ძალების დირექტივებია.
ავტორი: ნანა გოგატაძე