20 მარტი 2025,   02:46
ვრცლად
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

გელა უძილაური დღეს სასამართლოს წინაშე წარდგა. სხდომის დაწყებამდე, ბრალდებული ადვოკატს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა.

სხდომის გახსნიდან მალევე, მოსამართლემ გელა უძილაურს რამდენადმე კითხვა დაუსვა, მათ შორის, ბრალთან დაკავშირებითაც, თუმცა დაკავებულმა კვლავ დუმილის უფლებით ისარგებლა.

გახმაურებულ საქმეზე ვრცლად ისაუბრა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა. მან კონკრეტულ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება.

ირკვევა, რომ გელა უძილაურის სახელზე ორი ცეცხლსასროლი იარაღი იყო რეგისტრირებული, ერთი პოლიციამ უკვე ამოიღო, მეორეს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. არ არის გამორიცხული, რომ დანაშაულის მთავარი მტკიცებულება უძილაურმა უკვე გაანადგურა.

გელა უძილაურის პატიმრობაში დატოვება ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მოითხოვა.

პატიმრობის შუამდგომლობა, პროკურორმა დაასაბუთა. ბრალდების მხარის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, უძილაური მტკიცებულებებს გაანადგურებს, მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს, მიიმალება ან დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს.

პროკურატურის მიერ დასახელებული საფრთხეები ბრალდებულის ადვოკატებისთვის დაუსაბუთებელია. ინტერესების დამცველებმა უძილაურის გათავისუფლება მოითხოვეს. მოსამართლეს, ალტერნატივის სახით, 5000-ლარიანი გირაოც შესთავაზეს.

მოსამართლემ მხოლოდ პროკურატურის შუამდგომლობით იხელმძღვანელა და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 2-თვიან პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებას გელა უძილაურს ადვოკატები გაასაჩივრებენ.

რა გახდა ანგარიშსწორების მიზეზი - ამ კითხვაზე პასუხს გამოძიება, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გასცემს.

ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, მას 10-მდე ტყვია სწორედ გელა უძილაურმა ესროლა. ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ცეცხლნასროლი ჭრილობებით, ადგილზე გარდაიცვალა. მოკლულის პირადი მძღოლი, გია ჩადუნელი კი დაიჭრა. სისხლიანი ანგარიშსწორების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს დამნაშავე, რომელსაც, გავრცელებული ვერსიით, სილიკონის ნიღაბი უკეთია.

მკვლელობიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველებმა ამ კადრებში ნაჩვენები პირის ვინაობა დაადგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უძილაურს, ორი დღის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ.

"კურიერის" ინფორმაციით, ძებნილი პირი ისანი-სამგორის რაიონში, ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა. დაკავების დღეს, ის ქუჩაში ქუდით და სათვალით გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა საეჭვო პირი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და მალევე გაირკვა, რომ ის ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ძებნილი პირი იყო. 50 წლის მამაკაცის დასაკავებლად, სპეცოპერაცია ე.წ. დამპალოს სასაფლაოების მიმდებარედ ჩატარდა.

დღის ამბები