21 მარტი 2025,   06:44
ვრცლად
"მოვუწოდებთ პროკურატურას, სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნას ყადაღა ორგანიზაციების ანგარიშებიდან" - "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" თავმჯდომარე

"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" პროკურატურას მოუწოდებს, შეწყდეს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც 5 ფონდს ყადაღა დაედო. "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" 5 ორგანიზაციიდან ერთ-ერთია, რომლის ანგარიშები პროკურატურამ დააყადაღა.

ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოს განჩინებას დღეს გაასაჩივრებს, ისინი ამტკიცებენ, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე იყო, აქციის მონაწილეებს მხოლოდ ჯარიმებს უხდიდნენ და სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ.

"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" თავმჯდომარის, ლელა ცისკარიშვილის თქმით, ორგანიზაციას 365 ადმინისტრაციული ჯარიმა აქვს დაფარული.

"დღეისთვის, ადამიანის უფლებათა სახლს დაფარული აქვს 843,747 ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა. 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე ჩვენ მივიღეთ 921,336 ლარის შემოწირულობა ასეულობით ფიზიკური პირისგან და ბოლო 2 თვის განმავლობაში მივიღეთ 300 ათასი ლარის შემოწირულობა TBC ბანკისგან და საქართველოს ბანკისგან. ყველაფერი, რასაც ვახორციელებთ, არის "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წესდების ფარგლებში და არ არის არაფერი გადაცდომილი წესდებიდან. მოვუწოდებთ პროკურატურას, რომ სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნას ყადაღა ორგანიზაციების ანგარიშებიდან. სააპელაციო სასამართლოს მოვუწოდებთ განიხილოს და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება," - აცხადებს ლელა ცისკარიშვილი.

განცხადება გააკეთა იურისტმა, ვასილ ჟიჟიაშვილმა.

"ყადაღა შეიძლება დაედოს ბრალდებულის ქონებას ან მასთან დაკავშირებული პირების ქონებას და ამ შემთხვევაში არც ერთი ეს ორგანიზაცია, ფონდი, მათ შორის, "ადამიანის უფლებათა სახლი", არ არის ბრალდებულის სტატუსით წარმოდგენილი ამ საქმეში. მეორე შემთხვევა, როცა შეიძლება დაედოს ყადაღა ქონებას ან საბანკო ანგარიშებს, ეს არის როდესაც ამ ქონების მიმართ არის ჩადენილი დანაშაული და არც ეს არ არის დასაბუთებული. მესამე, უნდა დაასაბუთოს პროკურატურამ, რომ ეს ქონება არის მოპოვებული უკანონოდ, ან ამ საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები არის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული. არც ეს არ დასტურდება," - აცხადებს ვასილ ჟიჟიაშვილი.

დღის ამბები