20 მარტი 2025,   01:10
ვრცლად
"ქართული ოცნების" ინიციატივა მალე კანონად იქცევა - ოპოზიცია ანტინარკოტიკულ რეფორმასაც კრიტიკულად უყურებს

ანტინარკოტიკულ რეფორმას დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, ნარკორეალიზატორებისთვის სასჯელი განსაკუთრებით მკაცრდება.

მცირე ოდენობის ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალების რეალიზება დაისჯება 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით; 3-დან 6 წლამდე - კანაფისა და მარიხუანას გასაღება; 5-დან 10 წლამდე კი კანაფისა და მარიხუანას გაყიდვა. ნარკომომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა მართვის მოწმობა, 5 წლით აეკრძალება საჯარო სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობა და, ამავე ვადით, იარაღის ტარების უფლებაც. ასევე, მოქალაქე ვალდებული ხდება, პოლიციელის მიმართვის საფუძველზე, ჩაიტაროს ნარკოშემოწმება. პირს შეუძლია, გაჰყვეს სამართალდამცველს ნარკოტესტზე, ან თავად წარადგინოს დოკუმენტი 24 საათში. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა პირველ ჯერზე დაისჯება 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით. განმეორების შემთხვევაში, დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში, დამატებითი სასჯელის სახით, შემოდის სავალდებულო მკურნალობა.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას, კანონპროექტის ინიციატორებმა კანონმდებლების დასმულ კითხვებსაც უპასუხეს. ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ ნარკოდანაშაულზე სასჯელის გამკაცრებაზე, არამედ პრევენციაზეც.

"ქართული ოცნების" ინიციატივამ ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა. უმრავლესობის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კანონის ამგვარი გამკაცრება არაეფექტურია. ოპოზიციის საპასუხოდ უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ფსევდოლიბერალურმა მიდგომებმა მიიყვანა ნარკოდანაშაულის სტატისტიკა ამ მდგომარეობამდე.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტით ცვლილება 8 სხვადასხვა კანონში შედის - მათ შორის არის "სისხლის სამართლის კოდექსი" და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. 

 

ავტორი: კესო ქაფიანიძე 

 

 

დღის ამბები