
რაც შეეხება 9 პუნქტს, აქ პირდაპირ ითქვა ტყუილი, რეალურად, იყო ორი მოთხოვნა, რომელიც ასე პირდაპირ არ გამომდინარეობდა რეკომენდაციების ტექსტიდან, მაგრამ მერე იყო ინტერპრეტირებული ევროკავშირის ჩინოვნიკების მხრიდან, ეს ეხებოდა - ცესკოს და სასამართლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ სურდათ სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობა სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ცესკოს გადაცემა ოპოზიციისთვის, მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, როცა პირდაპირი სამართლებრივი რეკომენდაციებია, რომ ნეიტრალური უნდა იყოს ცესკოს თავმჯდომარე.
"ერთ შემთხვევაში, უნდოდათ სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობა სასამართლო ხელისუფლების ნაწილში, ანუ საუბარი იყო ე.წ. „ვეთინგზე“. „ვეთინგი“ ნიშნავს იმას, რომ ჩამოდიან უცხოელები, რომლებსაც შეუძლიათ თანამდებობიდან გაუშვან და, ასევე, დანიშნონ ნებისმიერი მოსამართლე. ასეთ რამეზე დათანხმება არაფრის ფასად არ ღირს. მეორე მოთხოვნა იყო ცესკოს გადაცემა ოპოზიციისთვის. რეალურად, ითხოვდნენ კვალიფიციურ უმრავლესობას, კვალიფიციური უმრავლესობის წესით ცესკოს წევრების არჩევას პარლამენტის მიერ, რაც ნიშნავდა იმას, რომ 3 წევრს ვერ ვირჩევდით პარლამენტში, შესაბამისად, ოპოზიცია რჩებოდა უმრავლესობაში ცესკოში, წარმოიდგინეთ ოპოზიცია უმრავლესობით რომ იყოს წარმოდგენილი ცესკოში და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხდებოდა ოპოზიციონერი, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, როდესაც პირდაპირი რეკომენდაციებია სამართლებრივი, რომ ნეიტრალური უნდა იყოს ცესკოს თავმჯდომარე, რაც ლოგიკურია. პირდაპირ გვითხრა ვენეციის კომისიამ ეს სიგიჟე, შემდეგ ამას დაემატა ევროკავშირი, ჩინოვნიკები და ა.შ. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და რადიკალურ ოპოზიციას უნდა ჰქონოდა უმრავლესობა ცესკოში. ეს იყო ორი მოთხოვნა, რომელიც არ შევასრულეთ. დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს, უნდა შეგვესრულებინა, თუ არა. ყველაფერი დანარჩენი შევასრულეთ აბსოლუტურად კეთილსინდისიერად. აქედანაც ჩანს, რომ იქ არავის აინტერესებდა არც რეფორმა, არც სხვა რამ, ევროპელი ჩინოვნიკები რასაც საუბრობდნენ, ეს იყო პირდაპირი, ან ირიბი ფორმით კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ ხელისუფლების დათმობა. ეს არ გავაკეთეთ და მერე გამოვიდნენ პირდაპირი საარჩევნო მოწოდებებით, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. არ არის ეს ჯანსაღი დამოკიდებულება დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ რისთვის ვიბრძოდით 80-90-იან წლებში და მოგვიანებით, მუდმივად გვიწევს ბრძოლა ერთადერთი რამისთვის, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის შენარჩუნება. ასეთ დროს მოდის ვიღაც ჩინოვნიკი და გეუბნება, რომ პირდაპირ, მარტივად უნდა დათმო შენი სუვერენიტეტი, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა და ამაზე ვერავის გავყვებით, მათ შორის, ვერც ევროპელ ჩინოვნიკებს,“- აღნიშნა პრემიერმა.