20 მარტი 2025,   02:52
ვრცლად
"პატივს ვცემ სალომე ზურაბიშვილის ბრძოლას, თუმცა მისთვის ძალიან მძიმე ტვირთია ის, რომ ისე ამოწურა თავისი პრეზიდენტობის ვადა, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა" - ანა წითლიძე

პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ პატივს სცემს სალომე ზურაბიშვილის ბრძოლას, თუმცა ამბობს, რომ მის მიმართ სამართლიანი პრეტენზიებიც აქვთ. ამის შესახებ წითლიძე გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს. 

როგორც წითლიძე ამბობს, სალომე ზურაბიშვილისთვის მძიმე ტვირთია ის, რომ მან ისე ამოწურა თავისი პრეზიდენტობის ვადა, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა.

"მე პატივს ვცემ ყველა მის ბრძოლას, თუმცა მე მასთან მაქვს საკითხები, რომლებიც მუდმივად დარჩება მასზე, როგორც სიმძიმის ტვირთი. მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრეტენზიებიც გვაქვს. მიუხედავად იმის, რომ ჩვენ 2018 წელს სალომე ზურაბიშვილი რომ დააყენა "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო კანდიდატად, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, 2018 წელს როგორ ჩატარდა არჩევნები. მე ვხელმძღვანელობდი სამეგრელოში საარჩევნო კამპანიას. როგორი ლეგიტიმაციით იყო ჩატარებული, ყაველაშვილისგან განსხვავებით, ყველაფერი შედარებითია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის ასეთი მძიმე განსხვავებებია, მე პატივს ვცემ მის ბრძოლას, თუმცა მისთვის ძალიან მძიმე ტვირთია ის, რომ მან ისე ამოწურა თავისი პრეზიდენტობის ვადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა.

ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაზე ვლაპარაკობდეთ, არც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო ლეგიტიმური. საერთაშორისო შეფასებებიც რომ ვნახოთ და რაც ქვეყანაში ხდებოდა, კანონიერი ქუდებიდან მოყოლებული და როგორც ჩაატარეს სპეცოპერაცია გახარიას ხელმძღვანელობით, ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა და პირადების მოწმეების ჩამორთმევა და უბედურებები, რაც ხდებოდა...

სწორი პოზიციები ჰქონდა ბოლოს, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს წარმოადგენდა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო მისი ეს პოზიციები და მე ამას ვაფასებ. მიხეილ სააკაშვილმა პირველმა მოგვიწოდა ჩვენ საჯაროდაც და პირადი კომუნიკაციითაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის არ შეიწყალა და ასეთი პოზიცია ჰქონდა, რომ ჩვენ ამ ერთიანობის ფორმატში მონაწილეობა მიგვეღო და ვყოფილიყავით იქ", - აცხადებს ანა წითლიძე.

 

 

 

დღის ამბები