
"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდოდა ენახა ამომრჩეველს - ერთიანობა - ეს ვერ ნახა და ამაში "ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად თავაწეულია, რადგან "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ერთიანობა ყოფილიყო," - ეს განცხადება "ღამის კურიერის ეთერში" პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, ახლა ოპოზიციისთვის მთავარი საერთო კოორდინაცია უნდა იყოს.
"მე გულწრფელად გეტყვით - ჩემთვის ყველაზე დიდი წითელი ხაზი იყო ის, რომ გახარიასთან რამე ტიპის ერთობა შეიძლებოდა მქონოდა. კი, წითელი ხაზია ჩემთვის იმიტომ, რომ 20 ივნისს მე ვიდექი და მე მარბევდა.
ჩემი აზრით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთო კოორდინაცია ანახოს უფრო აქტიური ოპოზიციამ. ჩვენი განწყობაც ეს არის - ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ მზად ვართ, ნებისმიერი თანამშრომლობისთვის. დიალოგის რესურსი ყოველთვის არსებობს, პოლიტიკოსები ვართ და ყოველთვის უნდა ვიყოთ დიალოგის რეჟიმში.
ნახეთ, რა არის ამ ყველაფერში, ჩემი ღრმა რწმენით, არასწორი და რასაც ხედავს, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები: "ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად ვართ არა თავდასხმის რეჟიმში, ვითმენთ ყველა თავდასხმას. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვიღაცებს და, მათ შორის, გახარიას პარტიას, ბიძინა ივანიშვილი აღარ ახსოვდა, "ნაციონალურ მოძრაობას" რომ ახსენებდა და "ნაციონალურ მოძრაობას" რომ ურტყამდა. რეალურად, ამან ხომ არაფერი არ მოიტანა? საბოლოოდ, მოიტანა ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაც უნდოდა, ის გააკეთა - გაიფორმა ეს არჩევნები და ძალაუფლება დღემდე აქვს მიტაცებული," - განაცხადა ანი წითლიძემ.