12 მარტი 2025,   23:57
ვრცლად
აშშ 28 მილიარდი დოლარის ღირებულების ტარიფებს გვიწესებს, ამიტომ, ჩვენ 26 მილიარდი ევროს ღირებულების საპასუხო ზომებით ვპასუხობთ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი ამერიკას საპასუხო ტარიფებს უწესებს. პირველ აპრილს ძალაში შევა 25%-იანი გადასახადი ამერიკულ იმპორტზე, მათ შორის, 26 მილიარდის ოდენობის პროდუქტზე, რომლის ევროპის ქვეყნებში შეტანა შემდგომ თვეში არის დაგეგმილი. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება ამერიკის დაწესებულ ტარიფს მოჰყვა, რომელიც ძალაში დღეს შევიდა.

ევროკავშირის ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე 25%-იანი ტარიფის დანიშვნა, ტრამპის, როგორც 47-ე პრეზიდენტის, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო. ტრამპი სავაჭრო ომში არამარტო ევროპას, არამედ ჩინეთს, მექსიკასა და კანადასაც იწვევს. ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

"ძალიან ვწუხვართ, რომ საჭირო გახდა ამ ზომების მიღება. ტარიფები იგივე გადასახადებია. ეს აზიანებს, როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებელს. ასევე, არღვევს მიწოდების ჯაჭვებს და ეკონომიკაში გაურკვევლობას იწვევს. საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებს და ზრდის ტარიფებს. ეს არცერთ მხარეს ჭირდება- არც შტატებს და არც ჩვენ. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს მომხმარებლებისა და ბიზნესის დასაცავად. დღეს, ჩვენ მიერ მიღებული საპასუხო ზომები ძლიერი და პროპორციულია. შეერთებული შტატები 28 მილიარდი დოლარის ღირებულების ტარიფებს გვიწესებს, ამიტომაც ჩვენ 26 მილიარდი ევროს ღირებულების საპასუხო ზომებით ვპასუხობთ. ჩვენს საპასუხო ზომებს ორ ეტაპად გაგაცნობთ. დავიწყებთ პირველი აპრილიდან და სისრულეში მოვიყვანთ 13 აპრილისთვის", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დღის ამბები