
მმართველი გუნდის წევრი ლევან მახაშვილი ბაია პატარიას ფეისბუქ პოსტზე საუბრობს, რომელშიც ის საგარეო საქმეთა მინისტრს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს. ქალთა უფლებების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილს სტატუსი სწორედ გაეროს ქალთა კომისიის შეხვედრაზე გამგზავრებამდე მიუძღვნა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ "საფარის" ხელმძღვანელისგან მსგავსი ლექსიკა და ორმაგი სტანდარტი არ უკვირთ, თუმცა ინტერესდებიან, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე საფრანგეთის საელჩოს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის დონორია.
გმობს თუ არა საფრანგეთის ელჩი რადიკალიზმს? - საელჩოს ამ კითხვით საჯაროდ პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ბაია პატარაიას კომენტართან ერთად, "საფარის" ოფისში ელჩის სტუმრობის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა.
საფრანგეთის ელჩი მიმართვას არ გამოხმაურებია. ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ ეს ლოგიკურია, რადგან პატარაიას ლექსიკა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში ჯდება.
ელჩის დუმილი, მმართველი გუნდის შეფასებით, ბულინგისა და სიძულვილის ენის წახალისებაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კონკრეტული ქვეყნების საელჩოების ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, საქართველოში სწორედ რადიკალიზმს ხმარდება.
საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მაკა ბოჭორიშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და პროგრესზე. ჰქონდა პირისპირ შეხვედრები გაეროს ხელმძღვანელ პირებთან.