
"ისწავლე და დასაქმდი" - თბილისის მერიის ახალი პროექტი, რომელიც დედაქალაქში რეგისტრირებულ მოქალაქეებს პროფესიულ მომზადება-გადამზადებას 70-ზე მეტ სპეციალობაში სთავაზობს.
ბესო ნოზაძემ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა ახალ პროფესიას დაუფლებოდა. მიზნის მიღწევის საშუალება პროექტი "ისწავლე და დასაქმდი" აღმოჩნდა. სურვილი რეალობად აქცია და ახლა წამატებული მზარეულია. სასწავლო კურსი უკვე დაასრულა და ახლა თავის გამოცდილებას მომავალ კულინარებსაც უზიარებს.
გასული წლების მსგავსად, დედაქალაქის მერიის პროექტი "ისწავლე და დასაქმდი" წელსაც გრძელდება. პროგრამა 70-ზე მეტ სპეციალობას აერთიანებს, მათ შორისაა მშენებლობა, ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და დიზაინი. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 2-დან 6 თვემდე გრძელდება.
პროექტით დაინტერესება საკმაოდ დიდია. 2020 წლიდან პროგრამაში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა პირმა მიიღო და უმრავლესობამ ახალი პროფესიით დასაქმება შეძლო. წელს სასწავლო კურსების რაოდენობა უფრო გაფართოვდა და არსებულ სპეციალობებს 10 პროგრამა დაემატა. მიზანი, შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში დასაქმების ხელშეწყობაა.
სასწავლო კურსში მონაწილეობა თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამისთვის საჭიროა სპეციალურ პლატფორმაზე რეგისტრაცია. პროგრამა უფასოა. დედაქალაქის მერიას ამ პროექტის განხორციელებისთვის 700 000 ლარი აქვს გამოყოფილი.