
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები.
როგორც შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პარტნიორები საქართველოსგან მოელოდნენ არა წინდახედულობას, გონივრულობას, სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, არამედ პირიქით, თავქარიანობას და ესკალაციას რუსეთთან, რაც გასაკვირია.
"უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. შესაბამისად, ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. მთავარი მიზეზი, ზოგადად პოლიტიკურ ჯგუფებთან თუ ქვეყნებთან გაუარესებული ურთიერთობების იყო ის, რომ თუ ჩვენი პარტნიორები დაჟინებით მოითხოვდნენ გვქონოდა სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებულია, უცებ აღმოჩნდა, რომ ერთ არამშვენიერ დღეს დაიწყო რა ომი უკრაინაში, უცებ შეიცვალა დამოკიდებულება ჩვენს მიმართ იმ მხრივ, რომ ჩვენგან მოელოდნენ არა წინდახედულობას, გონივრულობას, სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, არამედ პირიქით, თავქარიანობას და ესკალაციას რუსეთთან. ეს ჩვენთვის იყო გასაკვირი, ვინაიდან ჩვენთვის სინამდვილეში არაფერი არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ დამძიმდა გეოპოლიტიკური ვითარება. ამერიკის ელჩთან ჩვენი შეხვედრა ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, ის პირდაპირ ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და მას არანაირი სხვა პასუხის მოსმენა არ სურდა.რაც შეეხება გადატვირთვის საკითხს, ის რამაც დატვირთა ეს ურთიერთობა, ამანვე უნდა გადატვირთოს" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.