13 მარტი 2025,   02:58
ვრცლად
დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვა და ქვეყნიდან გაქცევის მცდელობა - "კურიერმა" იტალიური კომპანიიდან გამოგზავნილი წერილი ექსკლუზიურად მოიპოვა

დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ბრალდებული, გიორგი ჩიკვაიძე, ადრესატი კი ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძეა, რომელმაც 1 115 000 ლარი ჩიკვაიძის კომპანიას იახტის შესაძენად გადაუხადა.

საბოლოოდ, ვერც იახტა მიიღო და ვეღარც კუთვნილი თანხა დაიბრუნა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გიორგი ჩიკვაიძე თავს მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, "აზიმუტ ბენეტის" წარმომადგენლად მოიხსენიებდა, თუმცა "კურიერმა" მოიპოვა თავად იახტების მწარმოებელი იტალიური კომპანიის წერილი, რითაც ჩიკვაიძეს "აზიმუტის" სახელის უკანონოდ გამოყენებაში ადანაშაულებს.

გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის იტალიის ფინანსურ პოლიციასაც მიმართა. ქართველი კოლეგების თხოვნით, ქალაქ ტურინის სამმა გამომძიებელმა დაკითხა "აზიმუტის" იურისტი, ჩვენება კი თბილისში გადმოიგზავნა.

ჩვენება ადასტურებს, რომ იახტის შეძენით დაინტერესებული ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე სინამდვილეში თაღლითური მაქინაციის მსხვერპლი გახდა - ასეთია დაზარალებულის ადვოკატის პოზიცია. "კურიერთან" საუბარში იურისტი ამბობს, რომ ჩიკვაიძე ცნობილი იტალიური კომპანიის სახელს ფულის გამოძალვის მიზნით იყენებდა.

თავად ჩიკვაიძე ბრალდებას არ აღიარებს და თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს. ის ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, თუმცა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით მას შემდეგ შეეცვალა, რაც პროკურატურის ინფორმაციით, სადახლოს გავლით, ქვეყნიდან მიმალვას ცდილობდა.

მოსამართლემ ძალაში დატოვა ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის მიმართ დადგენილი გირაო 50 000 ლარის ოდენობით. დაცვის მხარე ირწმუნება, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს საერთოდ არ განეკუთვნება.

რატომ შეიცვალა გიორგი ჩიკვაიძის მიმართ დადგენილი გირაო პატიმრობით - პროკურორმა იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც ბრალდებულის მიერ ქვეყნიდან გაქცევის მცდელობას ადასტურებს.

ჩიკვაიძე დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა საქმის მასალებში დევს დაზარალებული ბიზნესმენის მიერ მისთვის გადარიცხული ფულადი ტრანზაქციები. ფინანსური დოკუმენტებით დგინდება, რომ ჩიკვაიძემ დაზარალებული ბიზნესმენის მიერ მიღებული 1 115 000 ლარი არა იახტის შესაძენად, არამედ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

საქმის მასალებში დევს ვიდეო ჩანაწერიც. გიორგი ჩიკვაიძე დაზარალებულ ბიზნესმენს არწმუნებს, რომ იახტის ჩამოყვანის მიზნით თურქეთში იმყოფებოდა. გამოძიებამ გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში ჩიკვაიძეს სახელმწიფო საზღვარი საერთოდ არ გადაუკვეთია, ჩანაწერი კი სარფში, საქართველოს ტერიტორიაზეა გაკეთებული.

იახტა, რომელიც ელგუჯა თურმანიძეს 2023 წლის 31 აგვისტოს უნდა მიეღო, საქართველოში საერთოდ არ ჩამოსულა. მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი ჩიკვაიძეს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები