13 მარტი 2025,   02:34
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნები - ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნებში ჩართვას, ახალი საპარლამენტო არჩევნების და დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ განიხილავს

ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უკვე წაგებად აღიარა, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა". სააკაშვილის პარტია 4 ოქტომბრის არჩევნებში ჩართვას არ აპირებს. მიზეზი კი, მათი განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებაა.

26 ოქტომბრის მარცხის შემდეგ, ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან სხვა ოპოზიციური პარტიები. ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობა 4 ოქტომბრის არჩევნებში ჩართვას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების და დაკავებული ადამიანების გათავისუფლების შემდეგ განიხილავს.

არჩევნებში დამარცხების შიში ერთ-ერთია იმ მიზეზებს შორის, რომლითაც მმართველი გუნდი ოპონენტების უარს ხსნის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოსაგებად აღარც პოლიტიკური წონა და არც რეიტინგი აქვს.

ოპოზიციური პოლიტიკური ველის გაწმენდის მოლოდინი აქვთ "გირჩში", სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე ემზადებიან. პარტიების უარი მათთვის დამატებითი შანსია, თუმცა ფიქრობენ, რომ კოლეგების გადაწყვეტილება დროებითია.

ოპოზიციისთვის ყველა გზა 4 ოქტომბრის არჩევნებამდე მიდის - ამაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები გარე ძალების მორიგი დირექტივის მოლოდინში არიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. მერებსა და საკრებულოების წევრებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

 

დღის ამბები