13 მარტი 2025,   01:59
ვრცლად
ქვეყნის ბიუჯეტის გამოყენება პირადი ხარჯებისთვის - მიხეილ სააკაშვილს გაფლანგული 9 მილიონისთვის 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სხდომათა დარბაზში ხმაური მიხეილ სააკაშვილის მორიგ გამამტყუნებელ განაჩენს მოყვა. 11 წლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე, ექსპრეზიდენტს 9 წლიანი პატიმრობა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. საბოლოო გადაწყვეტილების მოსმენაზე ბრალდებულებმა უარი თავად განაცხადეს და ბოლო სხდომაზე მხოლოდ ერთი ადვოკატი გაგზავნეს. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვამდე, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დეტალურად ისაუბრა 2009-2013 წლების იმ ხარჯზე, რომლის ანაზღაურებაც მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა. მოსამართლემ განმარტა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვა, ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენებულ ხარჯად ვერ ჩაითვლება.

განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, ხარჯების ვრცელი სია გამოაქვეყნა გენერალურმა პროკურატურამ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009-2012 წლებში 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა ამის მიუხედავად, იმავე პერიოდში მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი. საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, ყოფილმა პრეზიდენტმა გრიფით "საიდუმლო“ განკარგულებები გამოსცა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ისეთი ხარჯების ანაზღაურება დაავალა, რომლის დაფინანსებაც კანონიერად ვერ მოხდებოდა. მათ შორის, საუბარია სასტუმროს მომსახურების, სამგზავრო ბილეთების, საჩუქრების, ასევე კოსმეტიკური და გასახდომი პროცედურებისთვის გამოყოფილ თანხაზე.

საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ეს ხარჯები საქმის მასალებში მტკიცებულების სახით დევს. ამავე დოკუმენტებით ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის, ლევან ვარშალომიძისა და რაფაელ გლუკსმანის 2 დღიანი მოგზაურობა სინგაპურში 42 948 ლარი დაჯდა. ტაილანდში კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 86 163 ლარი დაიხარჯა. 3 დღის განმავლობაში, სააკაშვილისა და გლუქსმანისთვის დუბაის სასტუმროში 41 744 ლარია გადახდილი. მხოლოდ რაფაელ კლუკსმანისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯი 370 000 ლარს აჭარბებს. ამის მიუხედავად, ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მილიონობით ლარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად დაიხარჯა.

თინა ბოკუჩავასთვის მობილური ტელეფონის შესაძენად დახარჯულია 1600 ლარი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი, თუმცა პარტიის თავმჯდომარე და სხვა წევრები ამტკიცებენ, რომ სასამართლოში, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები არარეალურია.

დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ სასტუმროს მომსახურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად მილიონ ლარამდე, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურებაზე კი 2 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, მმართველი გუნდისთვის საკმარისი საფუძველია მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.

მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავებოდა. დღეს გამოცხადებული განაჩენის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი უკვე 3 საქმეზეა მსჯავრდადებული. საქალაქო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება მისაღები აქვს კიდევ ორ - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისა და ტელეკომპანია "იმედის" 2007 წლის დარბევის საქმეზე.

დღის ამბები