
"თქვენ მოგიწევთ ჩემი მოკვლა, თუკი ჩემს შეცვლას აპირებთ" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა სერბეთის პრეზიდენტი სტუდენტების მიერ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის 22 საათიან ბლოკადას და ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს გარე ძალებისგან მართული უწოდა. ალექსანდრ ვუჩიჩის ეს განცხადება სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სწორედ იმ დროს გავიდა, როდესაც სტუდენტები ტელევიზიის შესასვლელებს ბლოკავდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას.
საპროტესტო აქციის მონაწილეები გაჩერებას არ აპირებენ, ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს პროსამთავრობო პოზიციაში ადანაშაულებენ და შაბათს მასშტაბურ დემონსტრაციას აანონსებენ. ქვეყნის პრეზიდენტი კი ახალგაზრდებს მოუწოდებს ამ აქციაზე არ გავიდნენ, რადგან ყველაზე მძიმე დანაშაულები სერბეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ სწორედ შაბათს მოხდება.
სერბეთში აქციები გრძელდება, პროტესტის ეპიცენტრი ბელგრადი და ნოვი სადია. ქვეყნის უდიდეს ქალაქებში ასობით სტუდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობების ბლოკირება მოახდინა. დემონსტრანტები "სერბეთის რადიოსა და ტელევიზიას" პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.
სერბეთში საპროტესტო აქციები ოთხი თვის წინ ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო. ჩამოშლილმა კონსტრუქციამ 15 ადამიანი იმსხვერპლა. დეკემბერში პროკურატურამ საქმეზე ბრალი 13 პირს წაუყენა, გადადგა პრემიერ- მინისტრიც. აქციის მონაწილეები ტრაგედიას სამთავრობო კორუფციას უკავშირებენ და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, პროტესტი ქვეყნის გარედან არის ორგანიზებული, მიზანი კი ხელისუფლების დამხობაა.
ქვეყანაში მიმდინარე მრავალათასიანი დემონსტრაციების ფონზე, სერბეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილი ჩავიდა და პრეზიდენტს შეხვდა. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, უმცროსმა ტრამპმა და ვუიჩიჩმა ბელგრადისა და ვაშინგტონის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის, ასევე მომდევნო წლებში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცების საკითხები განიხილეს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.